თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე 123 სახელმწიფოს წარმომადგენლის მხარდაჭერით აირჩიეს, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
ლორთქიფანიძე პირველი ქართველია, რომელიც ამ თანამდებობაზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კვოტით მოხვდა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგენელი შეცვალა, რომელიც სამი წელი მუშაობდა. დაზარალებულთა ფონდის დირექტორატი 5 წევრისგან შედგება.
სასიკვდილო პროტესტი: ხორვატმა გენერალმა ჰააგის ტრიბუნალზე თავი მოიწამლა>>>
„მსურს ჩემს მოადგილეს, საერთაშორისო სასამართლოს პროფესორს და ღვაწლმოსილ დიპლომატ გოჩა ლორთქიფანიძეს წარმატებები ვუსურვო ქართული სახელმწიფოსა და ყველა დაზარალებულთა ინტერესების სასარგებლოდ ამ თანამდებობაზე მუშაობაში, რომლებიც ჰააგის სასამართლომ მომავალში შეიძლება სხვადასხვა ომების ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ან აგრესიის მსხვერპლად აღიაროს", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე.
გოჩა ლორთქიფანიძე 1998 წელს რომის კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციის მანდატის ძირითადი ავტორია, მონაწილეობდა რომის კონფერენციაში და იყო ჰააგის სასამართლოს დამფუძნებელი ტექსტის – რომის სტატუტის პროექტის ირგვლივ მოლაპარაკებების პროცესში „თანამოაზრე სახელმწიფოთა ჯგუფში" საქართველოს გაწევრიანების ინიციატორი. 1999-2002 წლებში ლორთქიფანიძე საქართველოს წარმოადგენდა ჰააგის სასამართლოს დამფუძნებელ კომისიაში, რომელმაც შეიმუშავა სასამართლოს რეგლამენტი და მტკიცებულების ადმინისტრირების წესი, შეთანხმება სასამართლოსა და გაეროს შორის ურთიერთობების შესახებ და ა.შ.
რომის სტატუტი გაეროს წევრმა 120-მა სახელმწიფომ 1988 წელს მიიღო. რომის სტატუტი ძალაში 2002 წლის 1 ივლისს, მას შემდეგ შევიდა, რაც მისი რატიფიცირება 60-მა სახელმწიფომ მოახდინა.
დღეისათვის ჰააგის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელია შესული. საქმეს განიხილავს პროკურორი ფატუ ბენსუდა.
ლორთქიფანიძე 1964 წლის თებერვალში ქალაქ ფოთში დაიბადა.
1986-1989 წლებში სწავლობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.
1995 წელს ლორთქიფანიძემ დაამთავრა ესექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) სამაგისტრო პროგრამა.
2004 წელს დაამთავრა ჰარვარდის სამართლის სკოლის (აშშ) მაგისტრატურა.
1991-2005 წლებში ლორთქიფანიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.
2005 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში.
2011 წელს ლორთქიფანიძემ ფორდემის უნივერსიტეტში სამართლის დოქტორის სტატუსი მიიღო.
2012 წელს ლორთქიფანიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.