ილია მეორემ ნიკა რურუას ოჯახს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

© Sputnik / STRINGERილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
50 წლის პოლიტიკოსი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი დედამ იპოვა.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის თანამოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ ნიკა რურუას ოჯახს პატრიარქის სამძიმრის წერილი გადასცა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ნიკა რურუას გარდაცვალების ფაქტს პოლიცია იძიებს>>>

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში 4 დეკემბერს გარდაიცვალა.

ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე დღეს დაკრძალეს.

„ჩვენ მოვიტანეთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სამძიმრის წერილი. ვლოცულობთ მისი სულის შეწყალებისთვის. ღმერთმა აცხონოს და გაანათლოს მისი სული. სხვა ადამიანი იყო, რომელიც, ალბათ, სადაც არ უნდა წასულიყო, ყველგან დიდ წარმატებას მიაღწევდა", – განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.

დღეს ნიკა რურუას გარდაცვალების გამო მის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი საქართველოს პარლამენტმაც გამოუცხადა. პარლამენტის სახელით შესაბამისი განცხადება ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა გააკეთა, რომელიც დღევანდელ რიგგარეშე სხდომას უძღვება.

ნიკა რურუა - Sputnik საქართველო
ნიკა რურუა გარდაცვლილი იპოვეს

„გარდაიცვალა მეექვსე და მეშვიდე მოწვევების პარლამენტის წევრი ნიკოლოზ რურუა. მსურს პარლამენტის სახელით სამძიმარი გამოვუცხადო მის ოჯახსა და ახლობლებს", – განაცხადა ძიძიგურმა.

ნიკა რურუას ოჯახს საქართველოს მოქმედმა და ახლად არჩეულმა პრეზიდენტებმაც მიუსამძიმრეს.

რურუას გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, სავარაუდოდ, ის გულის შეტევით გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ნიკა რურუამ პოლიტიკური კარიერა 2004 წელს დაიწყო, როდესაც პარლამენტის დეპუტატი გახდა იმ დროისთვის მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან". რურუა იყო პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი.

2008 წლის ოქტომბერში რურუა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გახდა. აღნიშნული თანამდებობა 2012 წლამდე ეკავა.

იგი ბოლო მომენტამდე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი.

 

ყველა ახალი ამბავი
0