რა შემთხვევაში ჩამოუწერს მიკროსაფინანსოების ნაწილი ვალს „შავ სიაში“ მყოფებს

© photo: Sputnik50-ლარიანი კუპიურები
50-ლარიანი კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილი „შავ სიაში “ მყოფ სოციალურად დაუცველებს დავალიანებას საგადასახადო შეღავათების სანაცვლოდ ჩამოაჭრის

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილი, ე.წ. შავ სიებში მყოფ სოციალურად დაუცველ პირებს დავალიანებას „ქართუსგან“ კომპენსაციის მიღების გარეშე ჩამოაწერს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარის, ბესო შენგელიას განმარტებით, ამ ეტაპზე საუბარია 12 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე. თუმცა უცნობია, მოქალაქეთა რა რაოდენობაზეა საუბარი.

ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
პირობა შესრულდება - საბანკო ვალების ჩამოწერის პროცესი მალე დაიწყება

„აღსანიშნავია, რომ იზრდება იმ ორგანიზაციათა რიცხვი, რომლებიც ამ ინიციატივას შემოუერთდებიან. ამის მიზეზი კი ის საშეღავათო პირობაა, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან სიტყვიერი თანხმობა უკვე გვაქვს, რომ მომზადდება გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივები, რომელთა თანახმადაც, „შავ სიაში“ მყოფი სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერის შემთხვევაში ორგანიზაციები არ დაიბეგრებიან", - განაცხადა  ბესო შენგელიამ.

შავ სიაში მყოფი მოქალაქეებისთვის სესხების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და თვის ბოლოს დასრულდება.

საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ბანკებისაგან ფიზიკური პირების ვადაგადაცილებულ ვალდებულებებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით გამოისყიდის.

პრემიერ–მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ გამოცხადებული ინიციატივის მიხედვით, 600 000–ზე მეტ  მოქალაქეს ახალ წლამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. მათგან სოციალური დაუცველის სტატუსი 150 000–მდე ადამიანს აქვს მინიჭებული.

„გათეთრებულთა“ ხვედრი... ანუ რას დაეყრდნობა საბანკო ვერდიქტი >>

„შავ სიაში“ შედიან ადამიანები, რომლებიც დროულად არ ფარავენ საბანკო დავალიანებებს, რა დროსაც გროვდება დიდი ჯარიმები და ვალის მთლიანი მოცულობა იზრდება.

ვალები ჩამოეწერებათ იმ პირებს, ვინც გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებს. საუბარია იმ ადამიანებზე, ვისაც კრედიტი მის განულებამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე აქვს აღებული და პროცენტი არცერთხელ არ გადაუხდია და ასევე თუ აღებული კრედიტის ძირითადი ოდენობა პროცენტებისა და ჯარიმების ჩათვლის გარეშე 2 000 ლარს არ აღემატება.

ყველა ახალი ამბავი
0