თაკო ჩარკვიანზე და მის მეუღლეზე თავდასხმაში ბრალდებულს გირაო შეეფარდა

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს, ქუთაისის აეროპორტში თავს სავარაუდოდ, პოლიტიკური შეხედულებების გამო დაესხნენ.

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელ თაკო ჩარკვიანსა და მისი მეუღლეზე თავდასხმაში ბრალდებულ დავით გორგოძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 3000 ლარიანი გირაო შეეფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ქუთაისის აეროპორტში მყოფ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს, თავს სავარაუდოდ, პოლიტიკური შეხედულებების გამო დაესხნენ.

დაკავება - Sputnik საქართველო
თავდასხმა თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე: დაკავებულია ოთხი პირი

ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თაკო ჩარკვიანის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო სამი პირი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ  აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე დაკავებულ დავით გორგოძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელა.

ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებაზე და გირაოს თანხად 3 ათასი ლარი დაასახელა. დაცვის მხარემ კი ბრალდების მხარის მიერ დასახელებული თანხის შემცირება და მისი 1000 ლარით განსაზღვრა ითხოვა.

მოსამართლე მურთაზ კაპანაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

გორგოძის მიმართ გამოძიება ძალადობის ბრალდებით 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

„საქმის მასალების თანახმად იკვეთება არა მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის, დავით გორგოძის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, არამედ ვიდეოკადრებშიც კარგად ჩანს და მოწმეებიც ადასტურებენ, რომ ჯონი გიგანი ფიზიკურად ძალადობს დავით გორგოძეზე. გორგოძეს აღენიშნება დაზიანებები სახის არეში. მას უკვე ჩაუტარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. საქმის გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, გამოიკვეთოს სხვა პირების, მათ შორის თაკო ჩარკვიანის ქმრის, ჯონი გიგანის ბრალეულობა“, - განაცხადა დავით გორგოძის ადვოკატმა გიორგი დვალიშვილმა.

წინასასამართლო სხდომა 2019 წლის 17 იანვარს ჩაინიშნა.

ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით კი ამავე საქმეზე კიდევ ორ პირს, გიორგი კერვალიშვილსა და დავით ბაიდარაშვილს ორი დღის წინ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული წესით 700-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა. მეოთხე ფიგურანტის, დავით მაჭავარიანის ბრალეულობა კი ჯერჯერობით არ დადასტურდა.

ყველა ახალი ამბავი
0