თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა დღეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში მყოფ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს, სავარაუდოდ, პოლიტიკური შეხედულებების გამო თავს დაესხნენ. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თაკო ჩარკვიანის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო სამი პირი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
„აეროპორტში შვილს ვაცილებდით, როდესაც რამდენიმე ადამიანი მოვიდა და არჩევნებში წაგება მომილოცა. ამის შემდეგ, ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ, ცემა დაუწყეს ჩემს მეუღლეს. დაბეჯითებით გეტყვით, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ ფხიზელ მდგომარეობაში, თუმცა არც ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყვნენ. ისინი გავდნენ ბანდას და მე პირველად შემეშინდა, რომ ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო, ვინმეს შეეძლო ჩემი და ჩემი მეუღლის ფიზიკური განადგურება“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
პოლიციამ აეროპორტში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღო, რის შედეგადაც ოპერატიულად მოხდა ოთხივე თავდამსხმელის იდენტიფიცირება და დაკავება.
ერთი პირის მიმართ გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს, ხოლო სამი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.