თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. ლანჩხუთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის" წევრის მიერ „აღმოჩენილი" ყველა პირადობის მოწმობა გაუქმებულია ნაციონალური მოძრაობის მმართველობის ხანაში მფლობელთა გარდაცვალების ფაქტის გამო, ხოლო საარჩევნო სიაში ამ მოქალაქეთა მონაცემები არ ფიგურირებს, განაცხადეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ლანჩხუთში ნაპოვნი ე.წ. ყალბი პირადობის მოწმობების შესახებ გამართულ ბრიფინგზე.
ინფორმაცია ყალბი პირადობის მოწმობების აღმოჩენის შესახებ დღეს ლანჩხუთის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კახა ასკურავამ გაავრცელა.
„ნაციონალური მოძრაობიდან" ლანჩხუთის საკრებულოს წევრის კახა ასკურავას მიერ დღეს მორიგი ტყუილი გავრცელდა. სოციალური ქსელის საშუალებით მან გამოაქვეყნა 17 პირადობის მოწმობის ფოტო, რომელიც მისივე მტკიცებით „ლანჩხუთში გადაყრილი" იპოვა და რომელიც, როგორც თავად ამტკიცებს, არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენეს“, - აღნიშნულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტოს მტკიცებით, ყველა ეს პირი გარდაცვლილია 2008 და 2010 წელს, შესაბამისად, ამ მოქალაქეთა მონაცემები არც სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაშია აქტიური და არც საარჩევნო სიაში აღარ არსებობს.
სააგენტოს ცნობით, გარდაცვალების ფაქტის დაფიქსირების შემდეგ პირს უუქმდება პირადობის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი, რაც აისახება სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. ოჯახის წევრების მიერ გარდაცვლილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, მოწმობა ფიზიკურადაც ნადგურდება.
„პირადობის მოწმობა, იმის მიუხედავად ის განადგურდება თუ არა, არის უკვე ჩვეულებრივი ქაღალდი და მას არავითარი იურიდიული ძალა აღარ გააჩნია. გაუქმებული დოკუმენტით შეუძლებელია არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ისევე როგორც რაიმე სახის გარიგების დადება და სხვა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, კახა ასკურავა აღნიშნულ საკითხზე დღეს მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იყო დაბარებული, თუმცა ის ჯერჯერობით გამოსაკითხად არ მისულა.
წულუკიანმა ყალბი დოკუმენტების საქმეში „ნაცმოძრაობის“ ხელი დაინახა >>
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 28 ნოემბერს გაიმართა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უჭერდა. მას ამომრჩეველთა 59,52%-მა მისცა ხმა, ხოლო ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს - 40,48%.
გაერთიანებული ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საუბრობენ არჩევნებზე მომხდარი გაყალბების მრავალრიცხოვან ფაქტებზე, მათ შორის ყალბი პირადობების გამოყენებით.