თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში გასვლაზე ესტონეთის ნაკრებს ანგარიშით 80:73 მოუგო.
ქართველი კალათბურთელი ესპანეთში საუკეთესოდ დაასახელეს >>
ილია ზუროსის აღსაზრდელებმა თამაშის პირველ ნახევარში ძლიერი თამაში აჩვენეს და ორი სასტარტო მეოთხედი ანგარიშებით 22:19 და 19:13 მოიგეს. შესვენებაზე გასვლისას ანგარიში 41:32 იყო.
შესვენების შემდეგ ესტონელებმა ტემპს მოუმატეს და შეტევაში თამაში გააუმჯობესეს. შედეგად მასპინძლებმა მესამე და მეოთხე მეოთხედები მოიგეს - 17:16 და 24:23. თუმცა ასეთმა მცირე უპირატესობამ მატჩის საერთო სურათზე გავლენა ვერ მოახდინა.
ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გამარჯვებულ გუნდში გიორგი შერმადინი გახდა, რომელმაც 31 წუთში 23 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა. გოგა ბიტაძემ და ტედ მაკფადენმა 19-19 ქულა დააგროვეს.
ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრების აქტივში 13 ქულაა და ის „L ჯგუფში“ კვლავ მეოთხე ადგილს იკავებს (საბერძნეთის, გერმანიისა და სერბეთის შემდეგ). საბერძნეთმა და გერმანიამ 18 და 17 ქულა მოიპოვეს და მსოფლიო ჩემპიონატზე კვალიფიკაცია უკვე გაიარეს.
მსოფლიო-2019-ის მომდევნო შესარჩევ მატჩს საქართველოს ნაკრები 3 დეკემბერს თბილისში ისრაელის წინააღმდეგ გამართავს. თამაში სპორტის სასახლეში გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.
ჩინეთში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საგზურს სამი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.