ქართველი კალათბურთელი ესპანეთში საუკეთესოდ დაასახელეს

© courtesy of Baskoniaთორნიკე შენგელია
თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შენგელიას კლუბის დატოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მისით NBA დაინტერესდება.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებისა და ესპანური კლუბ „ბასკონიის“ თავდამსხმელი თორნიკე შენგელია ავტორიტეტული საკალათბურთო გამოცემა Eurobasket–ის ვერსიით ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მიმდინარე სეზონის პირველ შეხვედრაში „ბასკონიამ“ „სარაგოსა“ დაამარცხა ანგარიშით 99:76. შენგელიამ მოედანზე 25 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 21 ქულა, 6 შედეგიანი პასი და 9 მოხსნა დააგროვა. 

მიმდინარე წლის აგვისტოში შენგელიამ „ბასკონიასთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე გააგრძელა. გარიგების ფინანსური მხარე უცნობია, თუმცა, გამოცემა Eurohoops-ის ინფორმაციით, საუბარი შესაძლოა 6,5 მლნ ევროზე იყოს, რასაც შენგელია ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად კალათბურთელთა სიაში შეჰყავს.

აღსანიშნავია, რომ 26 წლის ქართველ კალათბურთელსა და „ბასკონიას" შორის გაფორმებულ კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმად, შენგელიას კლუბის დატოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მისით NBA დაინტერესდება. სხვა შემთხვევაში შენგელიას არც ერთ ევროპულ გუნდში თამაშის უფლება არა აქვს. 

შენგელია „ბასკონიაში" 2014 წლიდან თამაშობს. გასული სეზონის შედეგების მიხედვით ის ევროლიგისა და ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მისი საშუალო მაჩვენებელი ევროლიგის 33 თამაშში იყო 13,7 ქულა, 6,6 მოხსნა და 2,2 შედეგიანი გადაცემა.

ყველა ახალი ამბავი
0