თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2018 წლის ოქტომბერში, წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,7% შეადგინა, ხოლო ათ თვეში - 5,1%, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
ეკონომიკურმა ზრდამ 2018 წლის სექტემბერში 5,6% შეადგინა, ხოლო ცხრა თვეში - 4,9%.
2018 წლის ოქტომბერში ზრდა დაფიქსირდა გადამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობისა და მშენებლობის სფეროებში.
ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ ერთი თვის მაჩვენებელს, რომელსაც გასული წლის შესაბამის თვეს ადარებენ, განსაკუთრებული მნიშვნელობა არ გააჩნია.
„ეს პროცენტი გასულ წელთან შედარებით - სინამდვილეში ძირითადი პროცენტი არ არის, არაფერს ამტკიცებს და არაფერს აჩვენებს. წლიური პროცენტი დაახლოებით ვიცით - ეს საშუალოდ 5%, ეს კი 14-მილიარდიანი ეკონომიკისათვის ძალზე მცირე ზრდაა. ეს შესანიშნავი იქნებოდა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და გერმანიის ეკონომიკისთვის, მაგრამ არა საქართველოსთვის“, - განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ გიორხელიძემ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, რომელიც საქართველოში 2018 წლის ოქტომბერში იმყოფებოდა, საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,5%-დან 5%-მდე დაწია.
„ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, როგორც მოსალოდნელია, 2018-2019 წლებში გარკვეულწილად გაიზრდება ნავთობზე გაზრდილი ფასების გამო“, - ნათქვამია პრეს-რელიზში ვიზიტის შედეგების მიხედვით.
საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი ჩქარდება >>
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპების კლების მიუხედავად, საშუალოვადიან პერსპექტივაში ეკონომიკური ზრდა დაჩქარდება, რასაც ხელისუფლების მიერ გატარებული სტრუქტურული რეფორმები შეუწყობს ხელს.