თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. მოქმედი და ახლადარჩეული პრეზიდენტების - გიორგი მარგველაშვილისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა 3 დეკემბერს შედგება, სადაც ისინი უფლებამოსილების გადაბარების საკითხს განიხილავენ, განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალმა ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ პირველი არხის ეთერში.
მარგველაშვილი: ვულოცავ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს >>
ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უჭერდა, ოთხშაბათს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. მას ამომრჩეველთა 59,52%-მა მისცა ხმა, ხოლო ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს - 40,48%.
„ორშაბათს შედგება არჩეული პრეზიდენტისა და პრეზიდენტის შეხვედრა. სავარაუდოდ, იქ ჩამოყალიბდება გადაბარების ჯგუფი და ასევე, მსჯელობა იქნება ინაუგურაციის დეტალებზე, რომელიც ვიცით, რომ 16 დეკემბერს უნდა იყოს“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
მარგველაშვილმა ზურაბიშვილს არჩევნებზე გამარჯვება მეორე დღეს მიულოცა და ადმინისტრაციულ საკითხებსა და ინაუგურაციის ორგანიზაციის საკითხებში თანამშრომლობა შესთავაზა.
ზურაბიშვილმა მომავალ შეხვედრას უწოდა საქართველოს დემოკრატიულობის მაჩვენებელი.