თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აბაშაში №10-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
რას აკეთებს შსს-ს სპეცტექნიკა მარნეულში - უწყება განმარტებას აკეთებს>>>
ოთხშაბათს სოციალური ქსელ Facebook-ის მომხმარებლებმა ვიდეო გაავრცელეს, რომელშიც ავტორების განცხადებით, აბაშის საკრებულოს დეპუტატი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" ლეონტი ნადარეიშვილი ხმის მიცემის კაბინაში ამომრჩეველთან ერთად შედის და მას არჩევანის გაკეთებაში ეხმარება.
აღნიშნულმა ფაქტმა საარჩევნო უბანზე მყოფი ადამიანების უკმაყოფილება გამოიწვია, რაზეც დეპუტატმა უპასუხა, რომ ასე თავად ამომრჩევლის თხოვნით იქცევა.
„მედია-საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აბაშის საარჩევნო ოლქში, მე-10 უბანზე "ქართული ოცნებიდან" საკრებულოს წევრის მიერ ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები", - აცხადებენ შსს-ში.
საქართველოს მოქალაქეები ოთხშაბათს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იღებენ მონაწილეობას. პრეზიდენტის პოსტისთვის ერთმანეთს უპირისპირდებიან ყოფილი მმართველი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ "ძალა ერთობაშია" დაასახელა და მმართველო პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი.