ყველანი არჩევნებზე: ბახტაძე მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს

© Sputnik / Levan Avlabreliმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბახტაძემ საზოგადოებას კანონის დაცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო მოქმედების შემთხვევაში, სახელმწიფო იმოქმედებს კანონის მოთხოვნების სრული დაცვით.

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქვეყნის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა.

საქართველოში არჩევნების ბედს 200 ათასი ამომრჩეველი გადაწყვეტს>>>

საქართველოში 28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ერთმანეთს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი და ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან, რომლის კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" წარადგინა.

„თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლების პირობებში ტრადიციად იქცა და ქართველი ხალხის ამ მონაპოვარს ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის დაიცავს... ხვალ თითოეულ ამომრჩეველს ექნება საშუალება, გააკეთოს თავისუფალი არჩევანი, საკუთარი მოსაზრებისა და სინდისის კარნახით მისცეს ხმა მისთვის სასურველ კანდიდატს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურმა საქართველოს მოქალაქეებს აქტიურობისკენ და „მოქალაქეობრივი ვალის" მოხდისკენ მოუწოდა. ამასთან, მან დამსაქმებლებს მოუწოდა ხელი არ შეუშალონ მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის პროცესს.

პენიტენციური დაწესებულება - Sputnik საქართველო
პენიტენციურ დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი გაიხსნება

ბახტაძემ საზოგადოებას კანონის დაცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო მოქმედების შემთხვევაში, სახელმწიფო იმოქმედებს კანონის მოთხოვნების სრული დაცვით.

„მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციელს, რომლებმაც არჩევნების პირველი ტურის დროს საკუთარი უფლებამოსილების აღსრულებისას მაღალი სტანდარტები აჩვენეს, რათა მათ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანზე ამჯერადაც უზრუნველყონ მაქსიმალური წესრიგი. უყურადღებოდ არ დატოვონ და აუცილებლობის შემთხვევაში აღკვეთონ ნებისმიერი კანონდარღვევა", - აღნიშნა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა დაიცვან კანონი და არ შექმნან ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვას, საფრთხეს შეუქმნის და ჩრდილს მიაყენებს არჩევნების პროცესს.

მედია-გამოკითხვა: პრეზიდენტი ზურაბიშვილი გახდება>>>

ბახტაძემ მადლობა გადაუხადა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში აქტიურობისთვის.

გამომდინარე იქიდან, რო არჩევნების მეორე ტური ოთხშაბათს, 28 ნოემბერს არის დანიშნული, რომელიც უცხოეთში სამუშაო დღეა, ამიტომ უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებისთვის კენჭისყრის პროცესი 24:00 საათამდე გაგრძელდება. საქართველოს ტერიტორიაზე კი საარჩევნო უბნები, ტრადიციულად, 20:00 საათზე დაიხურება.

საქართველოს მსგავსად, საკუთარი არჩევანის გაკეთებას საქართველოს მოქალაქეები უცხოეთის 39 ქვეყანაში 55 საარჩევნო უბანზე შეძლებენ. ამა თუ ინ ქვეყანაში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვაზე წინასწარ უნდა დამდგარიყვნენ.

ოთხშაბათს საქართველოს მოსახლეობა ექვსი წლის ვადით რიგით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს. ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფო მეთაურს პირდაპირი წესით აირჩევენ. ამის შემდეგ ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის და პრეზიდენტსაც საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38,64% მიიღო გრიგოლ ვაშაძემ კი 37,74%.

 

ყველა ახალი ამბავი
0