სამკაული და ხასიათი - როგორი ქალები ირჩევენ დიდი ზომის სამკაულს

© photo: courtesy of Maiko Asatianiმაიკო ასათიანის ნამუშევარი
მაიკო ასათიანის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მის ორ პროფესიას თუმცა ხელოვნებასთან შეხება არ აქვს, მან მაინც შეძლო და ამ სფეროში თავისი ნიშა მოძებნა.

სამკაულების დასამზადებლად ხშირად ძვირფას მასალას იყენებს, მაგრამ მარტო ამით არ კმაყოფილდება, ამიტომ მისი ნაწარმი ყველა შესაძლებლობის ქალბატონისთვისაა განსაზღვრული. დღეს მაიკო ასათიანს და მის ექსკლუზიურს სამკაულებს გაგაცნობთ. 

© photo: courtesy of Maiko Asatianiმაიკო ასათიანი
სამკაული და ხასიათი - როგორი ქალები ირჩევენ დიდი ზომის სამკაულს - Sputnik საქართველო
მაიკო ასათიანი

-ქალბატონო მაიკო, თქვენ ორი პროფესია გაქვთ, მაინტერსებს, ხელოვნებისადმი ინტერესს ადრევე ამჟღავნებდით თუ სამკაულების დამზადება სპონტანური სურვილი და გადაწყვეტილება იყო?

- ჩემი ერთი პროფესია დაწყებითი კლასების პედაგოგიკაა, მეორე- უცხო ენების სპეციალისტი. ხელნაკეთ სამკაულებს ხუთია წელია, რაც ვაკეთებ. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში, ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ვმუშაობდი, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ჩვენი უნივერსიტეტი ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდა და ადმინისტრაციული პერსონალი ძირითადად უმუშევარი დარჩა. სახლში დავჯექი და გადავწყვიტე ცოტახანი დამესვენა. ერთხელ სრულიად შემთხვევით ინტერნეტში გადავაწყდი მაღაზიის გვერდს, სადაც სამკაულების შესაქმნელი დეტალები იყიდებოდა. რატომღაც დავინტერესდი. იმ დროს მხოლოდ 15 ლარი მქონდა. წავედი ამ მაღაზიაში და შევიძინე მასალა საყურეებისთვის. გავაკეთე ხუთი ცალი საყურე, რომლებიც მაშინვე გავყიდე. თვითონ შექმნის პროცესმა იმდენად გამიტაცა, რომ მერე ბევრი მასალა ვიყიდე. აი, ასე დავიწყე ეს საქმე...

- თქვენი ნაკეთობებისთვის ძვირფას მასალებს იყენებთ ხოლმე...

- სამკაულების დასამზადებლად ვიყენებ: ლატუნს, ვერცხლს, ნატურალურ ნახევრადძვირფას ქვებს, ხელნაკეთ ექსკლუზიურ შუშებს, ბროლს, სვაროვსკის კრისტალებს, მარგალიტს და ასე შემდეგ... დრო, რომელიც თითოეული სამკაულის შექმნისთვისაა საჭირო 15 წუთიდან ორ საათამდე მერყეობს, გააჩნია სამკაულის სირთულეს.

© photo: courtesy of Maiko Asatianiმაიკო ასათიანის ნამუშევარი
სამკაული და ხასიათი - როგორი ქალები ირჩევენ დიდი ზომის სამკაულს - Sputnik საქართველო
მაიკო ასათიანის ნამუშევარი

- ძვირადღირებული მასალიდან გამომდინარე, თქვენი სამკაულები იაფი არ ღირს...

- სამკაულს ყველა შესაძლებლობის მქონე ქალბატონებისთვის ვქმნი. აქვე გეტყვით, რომ ჩემი ყველა სამკაული ექსკლუზიურია და არასოდეს ვიმეორებ. ვთვლი, რომ ყველა ქალს აქვს უფლება თავი მოიწონოს და ატაროს ექსკლუზიური სამკაული. რაც შეეხება სამკაულის ფასს, მას მასალის ღირებულების მიხედვით განვსაზღვრავ ხოლმე. ჩემს სამკაულებს რეგულარულად ყიდულობენ უცხოეთში მცხოვრები ქართველები, რომლებსაც საქმიანობიდან გამომდინარე, ბევრს ვიცნობ. 

- საზოგადოება პირველად მაინც გამოფენებიდან ეცნობა ხოლმე ამა თუ იმ ხელოვანს...

- ორჯერ მქონდა გამოფენა, პირველი ჩატარდა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში და ძალიან პომპეზური და ლამაზი გამოვიდა. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ამაში ჩემი მეგობარი, რუსკა აფციაური დამეხმარა. მახსენდება, რომ სიხარულით ვადევნებდი თვალს იქ მოსული საზოგადოება სამკაულების სილამაზითა და ინტერიერის ორიგინალურობით როგორ იყო აღფრთოვანებული. გამოფენაზე მოსული სტუმრები გაოცებას ვერ მალავდნენ- ამაზე დიდი შეფასება არ არსებობს. ასეთივე წარმატებით ჩაიარა გამოფენამ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, რომლის ინტერიერზე ისევ რუსკა აფციაურმა იზრუნა.

© photo: courtesy of Maiko Asatianiმაიკო ასათიანის ნამუშევარი
სამკაული და ხასიათი - როგორი ქალები ირჩევენ დიდი ზომის სამკაულს - Sputnik საქართველო
მაიკო ასათიანის ნამუშევარი

-სამომავლოდ როდის აპირებთ ახალი კოლექციის გამოფენას?

-მალე ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ორ გამოფენაში. ერთი  გამოფენა 7-8-9 დეკემბერს, ბერძენიშვილის ცენტრში "მუზა" მოეწყობა და "ხელოვნების მეჯლისი" ერქმევა. მეორე სტარტაპი 22-23 დეკემბერს, თბილისში,  „ექსპო- ჯორჯიაში“ ჩატარდება. პერსონალურ გამოფენას გაზაფხულზე ვგეგმავ.

- საინტერესოა, როგორ ახასიათებს სამკაული მის პატრონს? -თქვენი დაკვირვებიდან გამომდინარე...

-ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, გეტყვით, რომ ქალბატონები, რომლებიც დიდი ზომის, მკვეთრ სამკაულს ირჩევენ, ბევრად უფრო თავდაჯერებულნი არიან, მათ ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ. სამკაული ქალს კაბასავით მორგებული უნდა ჰქონდეს და უნდა უხდებოდეს. ასეთი შემთხვევა მახსენდება: ერთხელ, ერთმა ძალიან პატარა ტანის ქალბატონმა რაღაც დღესასწაულზე, შემიკვეთა ხუთხაზიანი ყელსაბამი დიდი ზომის მარგალიტებით. საერთოდ  მარგალიტი არც ისე მსუბუქია, მით უმეტეს, დიდი ზომის. როცა ვუთხარი მძიმე გამოვა და დაგღლით მეთქი. არაფრით დამიჯერა. გავიდა რამდენიმე დღე და მან თხოვნით დამირეკა: იქნებ, ორი ხაზით შევამციროთო.

© photo: courtesy of Maiko Asatianiმაიკო ასათიანი
სამკაული და ხასიათი - როგორი ქალები ირჩევენ დიდი ზომის სამკაულს - Sputnik საქართველო
მაიკო ასათიანი

- თავად როგორ სამკაულს ანიჭებთ უპირატესობას?

- რაც შემეხება მე, სანამ ამ საქმიანობას მოვკიდებდი ხელს, თანაც, ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, მხოლოდ პაწაწინა ზომის საყურეებს და მაჯის საათს ვატარებდი. მასიური სამკაული მას შემდეგ შემიყვარდა, რაც სამკაულის შექმნა დავიწყე. განსაკუთრებით, მარგალიტი მიყვარს... ბევრ ქალბატონს სჯერა, რომ მხოლოდ იმ ქვებით დამშვენებულ სამკაულს უნდა ატარებდნენ, რაც ჰოროსკოპში, მისი ზოდიაქოს ნიშანში წერია, მე ასე არ ვფიქრობ. ქალი უნდა ატარებდეს იმ სამკაულს, რომელიც მის ინდივიდუალურობას უსვამს ხაზს. ასეთი კი ექსკლუზიური ხელნაკეთი სამკაულია...

- პიროვნული თვისებებიც გარკვეული სამკაულია...

- დიახ, ყველა ქალი ლამაზია, ქალის სილამაზე მისი სულიდან, თვალებიდან და ღიმილიდან მოდის. სამკაული მხოლოდ ხაზს უსვამს ამ ყველაფერს...

 

 

ყველა ახალი ამბავი
0