თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. პოლიცია არავის მისცემს სიტუაციის ხელოვნურად გამწვავების შესაძლებლობას და ყველა კანონდამრღვევს მთელი სიმკაცრით დასჯის, განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.
პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. მეორე ტურში ორი კანდიდატი მონაწილეობს. მეხუთე ნომრად კენჭს იყრის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმოადგენს, ხოლო 48 ნომრად - სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უჭერს.
„მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირსა თუ ორგანიზაციას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, დაიცვან კანონი, საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ პოლიციას და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას. არავის მივცემთ სიტუაციის ხელოვნურად გამწვავების შესაძლებლობას და სრული სიმკაცრით დავიცავთ კანონს. არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ დარჩება დაუსჯელი“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
პოლიცია დაიცავს თითოეული მოქალაქის უფლებას, საკუთარი არჩევანი გააკეთოს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, აღნიშნა მან.
„ხვალ, ისევე, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, პოლიციის მობილური ჯგუფები, მთელი საქართველოს მასშტაბით, სრულად იქნებიან მობილიზებული“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.
შს მინისტრის მოადგილემ წინასაარჩევნო პერიოდიც შეაფასა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული დაძაბულობა რეგიონებში იგრძნობოდა.
ცესკო არჩევნებისთვის მზადაა - უწყებამ გაწეული მუშაობის ანგარიში წარმოადგინა >>
„აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურმა ტემპერატურამ განსაკუთრებით იმატა რეგიონებში“, - აღნიშნა მან და დაამატა, რომ ამ პერიოდში ცხინვალის რეგიონთან და აფხაზეთთან ადმინისტრაციულ საზღვართან უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იქნა მიღებული.
გარდა ამისა, შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში ყოფით ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის პოლიტიზირების მცდელობების მიუხედავად, უმრავლეს შემთხვევაში, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.