1. რატომ ტარდება მეორე ტური?
საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე პირველ ტურში კენჭს იყრიდა 25 კანდიდატი, მაგრამ გამარჯვებისთვის საჭირო 50%-იანი ზღვარი ვერცერთმა მათგანმა ვერ გადალახა.
ყველაზე ბინძური წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში: ვინ დარჩება მოგებული >>
შედეგად მეორე ტურში გავიდა ორი კანდიდატი, რომლებმაც ხმათა უდიდესი რაოდენობა მოიპოვეს. დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, პირველ ტურში მოიპოვა 38,64%. მან თითქმის ერთი პროცენტით გაუსწრო თავის მთავარ კონკურენტს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ სა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გრიგოლ ვაშაძეს (37,74%).
2. რით არის განსაკუთრებული ეს არჩევნები?
პირველ რიგში - აბსოლუტური არაპროგნოზირებადობით, ყველა გამოკითხვა კანდიდატებს შორის მინიმალურ სხვაობას აჩვენებს.
ასევე საგულისხმოა, რომ ეს არჩევნები - პრეზიდენტის უკანასკნელი პირდაპირი არჩვენებია საქართველოში. 2024 წლიდან პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელშიც დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შევლენ.
გარდა ამისა, საქართველოს დამოუკიდებლობის 26 წლის განმავლობაში პრეზიდენტის არჩევა მეორე ტურში პირველად მოხდება.
3. რა არის საკმარისი გამარჯვებისთვის?
მეორე ტურში გამარჯვებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატს ხმათა უბრალო უმრავლესობა ეყოფა - მეტოქესთან შედარებით თუნდაც ერთი ხმით მეტი.
4. რა მნიშვნელობა ექნება ამომრჩეველთა აქტიურობას?
არჩევნები შედგება უბნებზე მისულ ამომრჩეველთა ნებისმიერი რაოდენობის შემთხვევაში.
5. სად ვაძლევთ ხმას?
ამომრჩევლები ხმას აძლევენ საცხოვრებელი ადგილის (ანუ რეგისტრაციის ადგილის) მიხედვით. ამომრჩეველს შეუძლია შეცვალოს კენჭისყრის ადგილი და სხვა უბანზე დადგეს აღრიცხვაზე - ამისათვის 26 ნოემბრამდე ამომრჩეველმა ცესკო-ს უნდა მიმართოს.
უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დიპლომატიურ მისიებში საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა 11 ნოემბრამდე უნდა მოესწროთ.
6. რა დოკუმენტებია საჭირო არჩვენებში ხმის მისაცემად?
არჩვენებში ხმის მისაცემად საჭიროა მოქმედი პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
7. როგორ „ნიშნავენ“ ამომრჩევლებს?
რათა არ მოხდეს განმეორებითი კენჭისყრა და არჩევნების გაყალბება, ქართველი ამომრჩეველი მარკირების სავალდებულო პროცედურას გაივლის. ამომრჩეველს ცერა თითის ფრჩხილზე ასხურებენ უფერო სითხეს, რომელიც მხოლოდ ულტრაიისფერ შუქზე ჩანს.
8. რა მოხდება ბიულეტენის გაფუჭების შემთხვევაში?
გაფუჭებულია ბიულეტენი, რომელიც შევსებულია არასწორად, სადაც გადახაზულია ყველა კანდიდატი ან გაკეთებულია მინაწერები. ასეთი ბიულეტენები ითვლება ბათილად და თქვენი ხმა არ ჩაითვლება.
9. როდის გავიგებ შედეგებს?
წინასწარი შედეგები ცნობილი გახდება კენჭისყრის დასრულებიდან რამდენიმე საათში. საბოლოო შედეგები შეჯამდება არაუგვიანეს 18 დეკემბრისა.
10. რა უფლებები ექნება მომავალ პრეზიდენტს?
საქართველოს პრეზიდენტს-2018-2024 მის წინამორბედებთან შედარებით ყველაზე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება.
პრეზიდენტი ქვეყნის მეთაური და მთავარსარდალი იქნება, მაგრამ ყველა გადაწყვეტილების შეთანხმება მთავრობასთან მოუწევს. თუმცაღა პრეზიდენტი შეინარჩუნებს მსჯავრდებულთა შეწყალების, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტებზე ვეტოს დადების და რეფერენდუმის დანიშვნის უფლებას.