თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გამტკიცება ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.
სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ უჭერს მხარს, პარასკევს ქართულ ჯარს მიმართა და სამხედროებს გიორგობა მიულოცა.
„საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გამტკიცება ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. უნდა განახლდეს ქვეყნის თავდაცვის კონცეფცია; უნდა გაგრძელდეს თავდაცვის ძალების აღჭურვა თანამედროვე საბრძოლო ტექნიკითა და სამხედრო ტექნოლოგიებით; უნდა გაძლიერდეს ჯარისკაცის სტატუსი საზოგადოებაში; უნდა შეიქმნას ღირსეული პირობები ვეტერანებისთვის, ადამიანებისათვის, რომლებიც სიცოცხლეს წირავდნენ ქვეყნის დასაცავად“, განაცხადა ზურაბიშვილმა.
დღეს ჩვენი ჯარი იცავს საქართველოს სახელსა და ღირსებას ქვეყნის შიგნითა და საერთაშორისო მისიებში. ჩვენს ჯარისკაცებს შეაქვთ უმნიშვნელოვანესი წვლილი ქვეყნის დამოუკიდებლობის გამტკიცებაში, გლობალური მშვიდობის შენარჩუნებასა და საერთაშორისო ტერიტორიზმთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაში, აღნიშნა ზურაბიშვილმა.
„ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანაა ჯარის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა. ჩვენი ჯარისკაცების ღირსებაზე მეტყველებს, რომ სხვადასხვა უღირსი მცდელობის მიუხედავად, ვერავინ შეძლო ჯარის პოლიტიკური ნიშნით დაყოფა და ჯარში რაიმე დაპირისპირების შეტანა. ქართული ჯარის ერთიანობის, ნეიტრალიტეტისა და სახელმწიფოს მიმართ ერთგულების ხელყოფას ვერავინ შეძლებს. ამის გარანტი იქნება თქვენი პრეზიდენტი და უმღლესი მთავარსარდალი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ, როგორც მომავალი უმაღლესი მთავარსარდალი, საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, იქნება საქართველოს თავდაცვის ძალების ინტერესების გამტარებელი და დამცველი. ის ყველაფერს გააკეთებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გამტკიცებისთვის.
ჭანკოტაძე ზურაბიშვილს აკრიტიკებს – თავდაცვის უწყება ჯარის პოლიტიზების მცდელობაზე საუბრობს>>
გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა დევი ჭანკოტაძემ 8 ნოემბერს გააკრიტიკა სალომე ზურაბიშვილის გამონათქვამი იმის შესახებ, რომ 2008 წლის ომი ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. ჭანკოტაძის მაგალითს მიბაძეს სხვა გადამდგარმა სამხედროებმაც და სოციალური ქსელების მეშვეობით ზურაბიშვილის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატეს.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოში 28 ნოემბერს გაიმართება. ზურაბიშვილის გარდა პრეზიდენტის სავარძლისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე იბრძვის, რომელიც ოპოზიციურ გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“ წარმოადგენს.