ჭანკოტაძე ზურაბიშვილს აკრიტიკებს – თავდაცვის უწყება ჯარის პოლიტიზების მცდელობაზე საუბრობს

© photo: Sputnik / Stringerთავდაცვის სამინისტროს შენობა
თავდაცვის სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი დევი ჭანკოტაძე გააკრიტიკა.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ დევი ჭანკოტაძის სამხედრო ფორმაში პოლიტიკური განცხადებით გამოსვლა არის შეიარაღებული ძალების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მცდელობა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ჭანკოტაძემ განცხადება ოთხ სამხედრო მოსამსახურესთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა, სადაც დაკრძალული არიან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროები. გადამდგარმა გენერალმა გააკრიტიკა სალომე ზურაბიშვილის გამონათქვამი იმის შესახებ, რომ 2008 წლის ომი ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო.

„სამხედრო ფორმით მოსახლეობისადმი გავრცელებული პოლიტიკური მიმართვა მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს. თავდაცვის სამინისტროსთვის და სახელმწიფო ინტერესებისთვის ყოვლად მიუღებელია სამხედრო ფორმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და ჯარის პოლიტიზაციის მცდელობა. აღნიშნული ქმედება დამაზიანებელია ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციისთვის, როგორიცაა საქართველოს შეიარაღებული ძალები და შეურაცხმყოფელია თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის", – აღნიშნულია თავდაცვის უწყების განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თავდაცვის სამინისტრო პოლიტიკურად ნეიტრალური ინსტიტუტია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი - Sputnik საქართველო
„ჩვენ ერთი ოჯახი ვართ“: „ნაცმოძრაობის“ და „ევროპელების“ შერიგება

„საქართველოს შეიარაღებული ძალები... არ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა მოქალაქესა და პოლიტიკური გაერთიანების წევრს, ნუ ეცდება შეიარაღებული ძალების რაიმე ფორმით ჩართვას პოლიტიკურ თუ საარჩევნო კამპანიაში", – აღნიშნავენ თავდაცვის უწყებაში.

ზურაბიშვილი, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უჭერს მხარს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავიდა. მისი კონკურენტია გრიგოლ ვაშაძე – გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" კანდიდატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი. მეორე ტურის გამართვის ბოლო ვადა 2 დეკემბერია.

ქუდზე კაცი! – ბიძინა ივანიშვილი ძველ გვარდიას უხმობს>>

ჭანკოტაძე 1982-1990 წლებში საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, კავშირის დაშლის შემდეგ კი ქართული არმიის სამხედრო მოსამსახურე გახდა.

2000-2004 წლებში ის იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე. 2004-2005 წლებში ჭანკოტაძე იყო საქართველოს წარმომადგენელი დსთ-ის საკოორდინაციო შტაბში, სამხედრო ატაშე.

ჭანკოტაძე შეიარაღებული ძალებიდან 2005 წელს გარიცხეს, თუმცა ორ წელიწადში აღადგინეს და სახმელეთო ჯარების საარტილერიო ბრიგადის სარდლად დანიშნეს. 2008 წელს ის გახდა გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, ხოლო უკვე 2009 წლის მარტში თავად ჩაუდგა სათავეში გაერთიანებულ შტაბს. ამ თანამდებობაზე მან 2012 წლის ოქტომბრამდე იმუშავა. ის გიგი კალანდაძემ შეცვალა.

 

ყველა ახალი ამბავი
0