თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას აგრძელებს, იუწყება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
გერმანულ მხარესთან ბათუმში სარეაბილიტაციო პროექტების დაფინანსებაზე შეთანხმებას ბათუმის მერიაში KfW-ს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მოეწერა ხელი.
პროექტი, რომლის ღირებულება 2 მილიონ ევროზე მეტია, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება და 2019 წლის მესამე კვარტალში დასრულდება.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული ქუჩის რეაბილიტაცია და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება ხელს შეუწყობს ბათუმის ინფრასტრუქტურის განვითარებას.
ბათუმის მერის ლაშა კომახიძის განცხადებით, სანიაღვრე სისტემის პარალელურად ეტაპობრივად განხორციელდება გზისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები, რისი დასრულების შემდეგაც გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა სულაბერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების მონაკვეთში სრულად იქნება რეაბილიტირებული.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თქმით, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მხარდაჭერით აჭარაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების წყლისა და წყალანირების სისტემის მოწყობა დაიწყება.
„ბოლო თვეების განმავლობაში გვქონდა ძალიან აქტიური და ინტენსიური მოლაპარაკებები დონორებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. შედეგად, გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, კერძოდ, ბათუმის ახლად შემოერთებულ ტერიტორიებზე (აეროპორტი, ადლია, ხელვაჩაური, მეჯინისწყალი, კახაბერი) წყალმომარაგებისა და წყალანარინების საკითხი უახლოეს მომავალში გადაიჭრება“, – განაცხადა რიჟვაძემ.
მისი განცხადებით, აჭარის მთავრობას აქვს ამბიცია, რომ 2020 წლისთვის ბათუმი და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი წყალმომარაგება-წყალანარინების მიმართულებით შესაბამისობაში იყოს მოყვანილი თანამედროვე სტანდარტებთან.
გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მეშვეობით, ასევე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა და დღესაც მიმდინარეობს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების დაფინანსება.