პირველი ქართველი დოქტორანტი რომის უნივერსიტეტში და საქართველოს პირველი ელჩი იტალიაში

© photo: courtesy of Beglar Davit Tavartkiladzeბეგი თავართქილაძე მეუღლესთან, მარინა სამადაშვილთან ერთად
ბეგი თავართქილაძე მეუღლესთან, მარინა სამადაშვილთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
იტალიაში მცხოვრები ბეგი თავართქილაძეა რუბრიკის „ქართველები უცხოეთში“ სტუმარი.

საკუთარი ნიჭის წყალობით ხშირად ყოფილა ბევრისგან გამორჩეული. ის გახლდათ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი იმ მცირეთაგან ვინც 26 წლის ასაკში გახდა მეცნიერებათა კანდიდატი. პირველი ქართველია, ვისაც დოქტორის ხარისხი რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტში მიანიჭეს. იყო საქართველოს პირველი ელჩი იტალიაში, სადაც უკვე 20 წელი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო და დიპლომატიურ წრეებში საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობდა, ცხრა წლის მანძილზე სამშობლოში ჩასვლა აკრძალული ჰქონდა. ბეგი თავართქილაძეს რომში დავუკავშირდით.

© photo: courtesy of Beglar Davit Tavartkiladzeბეგი თავართქილაძე
პირველი ქართველი დოქტორანტი რომის უნივერსიტეტში და საქართველოს პირველი ელჩი იტალიაში - Sputnik საქართველო
ბეგი თავართქილაძე

- ბატონო ბეგი, თქვენი ურთიერთობა იტალიურ სამყაროსთან, ასე ვთქვათ, სამეცნიერო კუთხით დაიწყო...

-ასე გამოდის. 1986 წელს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიიდან მივიღე კვოტა და მეცნიერ-მუშაკთა გაცვლითი პროგრამის მონაწილეებს შორის აღმოვჩნდი. მაშინ საბჭოთა კავშირი იტალიის მეცნიერებათა აკადემიასთან თანამშრომლობდა. კარგი ბიჭი ვიყავი და კარგად ვსწავლობდი. საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ახალგაზრდა  ვიყავი იმ მცირეთაგან, ვინც მეცნიერებათა კანდიდატი 26 წლის ასაკში გახდა.

- რომში როდის და რა მიზნით ჩახვედით პირველად?

- რომამდე მატარებლით ვიმგზავრეთ, წარმოიდგინეთ მთელი ევროპა გადავიარეთ. როცა რომში ჩავედი ჩემი პირველი შთაბეჭდილება ძალიან ცუდი იყო. საქმე ისაა, რომ მოსკოვიდან მატარებელი ბუდაპეშტის გავლით რომში უნდა ჩასულიყო. მთელ ვაგონში საბჭოთა ხალხი ვიყავით. ყველაზე ცუდი ის იყო, როცა ჩვენი მატარებელი რომში ჩავიდა და სადგურზე გადმოვედი, საბჭოთა კავშირის საელჩოდან ჩემს გარდა ყველას დახვდნენ. მახსოვს მათი ნათქვამი ფრაზა: “Наши все в сборе”, მერე დაავლეს ჩემოდნებს ხელი და ადგილიდან დაიძრნენ. პლათფორმაზე ერთადერთი მე დავრჩი, დანარჩენები საელჩოს თანხლებით გზას გაუდგნენ. წარმოიდგინეთ, რა დღეში აღმოვჩნდებოდი? მაშინ იტალიური ასე კარგად არ ვიცოდი. სხვა რა გზა იყო?- ამ უცხო ქალაქში ვეებერთელა ჩემოდნით კითხვა-კითხვით გავუდექი გზას. წარმოიდგინეთ, რომ ეს სცენა იყო დაახლოებით ქართული ფილმიდან „ჯარისკაცის მამა“ ოღონდ, იტალიური ვარიანტი...

© photo: courtesy of Beglar Davit Tavartkiladzeბეგი თავართქილაძე შვილიშვილთან ერთად
პირველი ქართველი დოქტორანტი რომის უნივერსიტეტში და საქართველოს პირველი ელჩი იტალიაში - Sputnik საქართველო
ბეგი თავართქილაძე შვილიშვილთან ერთად

- თქვენ ხართ საბჭოთა სივრცეში პირველი ქართველი, ვისაც დოქტორის ხარისხი რომში მიანიჭეს, როგორ მოხდა ეს?

-1994 წელს დავიცავი სადოქტორო დისერტაცია რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტში. 10 მაძიებლისთვის 450 განცხადება იყო შემოსული.

- და თქვენ იმ ათში მოხვდით...

- არა, მე მეცამეტე ვიყავი, მაგრამ მაინც მოვხვდი. ჩემდა ბედად, სამი ადგილი კიდევ დაამატეს, ასე რომ, მეცამეტე გოჭი აღმოვჩნდი. როდესაც სადოქტორო დისერტაცია დავიცავი, იმ წლებში იმერეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მე იტალიის წითელი ჯვრის მაშინდელი პრეზიდენტის, მარია პია ფანფანის ხელშეწყობით საქართველოში მიწისძვრით დაზარალებულთათვის დახმარება ჩამოვიტანე, ამას მოჰყვა 30 ათას ტონიანი ფქვილით დატვირთული ხომალდი ფოთში... მაშინ ეს ქეთევან ბაგრატიონის ინიციატივით და ჩემი უშუალო მონაწილეობით მოხდა. იტალიაში პირველი გაცვლითი პროგრამით ექვსი თვე დავრჩი, შემდეგ იყო სამწლიანი ორმხრივი ხელშეკრულება რომის უნივერსიტეტსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიის ინსტიტუტს შორის. მოგვიანებით კი - რომში, ევოლუციურ ბიოლოგიაში სადოქტორო დისერტაცია დავიცავი. მანამდე, 1981 წელს, გარემოს დაცვის საკითხებზე, კონკრეტულად იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს გარემოს ცვლილებები მცენარეთა ბიოქიმიურ პროცესებზე-საკანდიდატოს დაცვა პეტერბურგში მომიწია.

© photo: courtesy of Beglar Davit Tavartkiladzeბეგი თავართქილაძე, მისი მეუღლე მარინა სამადაშვილი, ვაჟი ბექა, და მეგობრის, ირინა ფრანგიშვილის ვაჟი დავითი
პირველი ქართველი დოქტორანტი რომის უნივერსიტეტში და საქართველოს პირველი ელჩი იტალიაში - Sputnik საქართველო
ბეგი თავართქილაძე, მისი მეუღლე მარინა სამადაშვილი, ვაჟი ბექა, და მეგობრის, ირინა ფრანგიშვილის ვაჟი დავითი

-თქვენ იყავით საქართველოს პირველი ელჩი იტალიაში, ანუ თქვენით გაიცნო იტალიის დიპლომატიურმა კორპუსმა ქართველი დესპანი...

-ეს მოხდა 1994 წელს. ერთ-ერთი შეხვედრის დროს ედუარდ შევარდნაძემ გამოაცხადა, რომ რომში საქართველოს საელჩო უნდა გაიხსნასო. მერე მომიტრიალდა და მითხრა: ბეგი, მინდა, რომ იქ ელჩი შენ იყოო. ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. მოკლედ 1994 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული ოთხი წლის მანძილზე იტალიაში საქართველოს ელჩი ვიყავი.

- რა მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი ელჩობის დროს?

- ყველაზე წარმატებული მომენტი ჩემი ელჩობის დროს ის იყო, რომ 1996 წელს საქართველო ფაო-ში, გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციაში, რომლის შტაბ-ბინა რომშია, ევროპის რეგიონის თავმჯდომარე ქვეყანა გახლდათ. ეს კი დღემდე უპრეცენდენტო შემთხვევაა ქართულ დიპლომატიაში, ამის გამო რომის საელჩოს კიდევ ოთხი კაცი დაამატეს. შემდგომ იყო პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტი იტალიაში, რომლის დროსაც ორ ქვეყანას შორის 11 სხვადასხვა ფორმატის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

© photo: courtesy of Beglar Davit Tavartkiladzeბეგი თავართქილაძე რომში მეგობრებთან ერთად
პირველი ქართველი დოქტორანტი რომის უნივერსიტეტში და საქართველოს პირველი ელჩი იტალიაში - Sputnik საქართველო
ბეგი თავართქილაძე რომში მეგობრებთან ერთად

- ასეთი წარმატებული ელჩობის ფონზე პერსონა ნონ-გრატად რატომ გამოცხადდით?

- საქმე ისაა, რომ მიშა სააკაშვილი, რომელიც მაშინ იურიდიულ კომისიის თავმჯდომარე იყო, გია ბარამიძესთან ერთად რომში ჩამოვიდა. მას მაშინვე ჰქონდა ამბიცია და განდიდების მანია, რაც გამოამჟღავნა კიდეც. მე როგორც საქართველოს მაშინდელ ელჩს იტალიაში გამომიცხადა, რომ მისთვის მექირავებინა თვითმფრინავი, რომელიც  საქართველოში ჩამოაფრენდა, რადგან ისრაელის ჩარტერი არ აწყობდა. ეს კი შეუძლებელი იყო. მაშინ პრესაში ჩემი სახელი ისეთი კონტექსტით გაჟღერდა, რომ მე პირველი მაფიოზი ვიყავი. ამას გარდა ექს-პრეზიდენტმა ჩემზე გამოაცხადა, რომ იტალიურ მაფიასთან კავშირში ვარ შემჩნეული და ეს პირადად მან აღმოაჩინა. ეს იყო 1997 წელს, ამის შემდეგ ერთი ინიციატივით გამოვედი- ეთიკის კომისიას მივმართე წინადადებით, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს კანონმდებლობით დადგენილიყო სამედიცინო ცნობის წარდგენა ფსიქიურ ჯანმრთელობაზე. მაშინ ამ თემაზე პრეს-კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც ნანა დევდარიანი და ნინო მამუკელაშვილი დამეხმარნენ. 2003 წელს, როგორც კი სააკაშვილი  ხელისუფლებაში მოვიდა, ჩემზე გამოაცხადა, რომ აქ აღარ დავინახო ჩამოსულიო... ასე ვიყავი ცხრა წელი საქართველოს გარეშე. ტელეფონით ყველას ვესაუბრებოდი, მაგრამ ერთადერთი რაც ძალიან მაკლდა და მენატრებოდა-მამის საფლავზე გასვლა და იქ სანთლის დანთება იყო...

© photo: courtesy of Beglar Davit Tavartkiladzeრომის უნივერსიტეტის, ლა საპიენცას დოქტორანტი ბეგი თავართქილაძე იტალიელ მეგობრებთან ერთად
პირველი ქართველი დოქტორანტი რომის უნივერსიტეტში და საქართველოს პირველი ელჩი იტალიაში - Sputnik საქართველო
რომის უნივერსიტეტის, ლა საპიენცას დოქტორანტი ბეგი თავართქილაძე იტალიელ მეგობრებთან ერთად

- ბატონო ბეგი, სიტყვამ მოიტანა და მართლა მაფიოზები არიან იტალიელები?

- რამდენადაც უცნაურად უნდა მოგეჩვენოთ, ქვეყანაში, სადაც მაფია მძლავრობს, ძალიან კანონმორჩილი ხალხი ცხოვრობს. როგორც ჩანს, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნეში შექმნილი რომის იურიდიული საფუძვლები (ის ცნობილი 12 დაფა, რომელიც გამოფენილი იყო ქალაქში, რომლებიც სამოქალაქო და კერძო სამართლის საფუძვლებს წარმოადგენს) და მათი უზენაესობა დღემდე გამჯდარი აქვს ხალხს. ქართული თვისებებიდან იტალიელებს მეგობრობისა და ადამიანური ურთიერთობებით ვჯობივართ, იმიტომ, რომ მათი გახსნილობა უფრო ზედაპირულია. ჩვენი ხასიათი და თვისებები ყველაზე ნათლად „ვეფხისტყაოსანში“ ჩანს, ამიტომაა ის საოცარი ქმნილება...

-ზემოთ პერსონა ნონ-გრატა ვახსენეთ და როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა იქცეს ადამიანი პერსონად, პერსონა-გრატად?

- მთავარია, რომ ადამიანმა საკუთარი თავი მოძებნოს ამ უსასრულო სამყაროში და მერე კი შეძლოს და შეინარჩუნოს ის, უერთგულოს საკუთარ პრინციპებს და მშობლიურ სამყაროსთან კავშირი ბოლომდე შეინარჩუნოს...

 

ყველა ახალი ამბავი
0