თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. ე.წ. შავ სიაში შეყვანილი მოქალაქეების სასესხო დავალიანების შესახებ ინფორმაცია 3 დეკემბრიდან სპეციალურ ვებ-გვერდზე იქნება ხელმისაწვდომი, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.
600 ათასზე მეტი მოქალაქე ახალ წელს საბანკო დავალიანების გარეშე შეხვდება>>>
როგორც მერმა აღნიშნა, მოქალაქეებს ინფორმაციის მისაღებად ასევე შეუძლიათ იმ ორგანიზაციებს მიმართონ, ვისი ვალიც აქვთ.
„ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში ინფორმაციას წარმოვადგენთ, კონკრეტულად როგორი ვებ-გვერდი იქნება. ასევე მათ („შავ სიაში" შესული მოქალაქეები - რედ.) შეუძლიათ იმ ორგანიზაციებს მიმართონ, ვისი ვალიც მართებთ. სესხების ჩამოწერის პროცესი 15 დეკემბრიდან დაიწყება და 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება", - განაცხადა კალამძემ.
თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ქართულ ბანკებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მოლაპარაკებებში იყო ჩართული და ასევე საქველმოქმედო ფონდ "ართუს", რომლის დამფუძნებელიც მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია.
„აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, ცენტრალური მთავრობა პრემიერ-მინისტრის მეთაურობით რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. დღეს ძალიან ბევრ განსხვავებულ მოსაზრებას ვისმენთ. პირველ რიგში, მათგან, ვინც ბრიფინგით გვემუქრებოდა. ისინი (ოპოზიცია - რედ.) გვეუბნებოდნენ რომ რაც შეიძლება სწრაფად მიგვეღო ეს გადაწყვეტილება. დღეს კი გამოდიან და ამბობენ, რომ ეს სიცრუეა და თითქოს, არაფერი გაკეთებულა", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კალაძის სიტყვებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამოდიან და ამ გზით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ „ქულების დაწერას" ცდილობენ.
შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის მესამედი ვალებშია>>>
„ჩვენთვის თითოეული მოქალაქე და მისი მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა კალაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ორშაბათს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ახალ წლამდე საბანკო დავალიანებას იმ მოქალაქეებს დაუფარავს, რომლებიც ე.წ. შავ სიაში არიან შესული. საუბარი 1,5 მილიარდ ლარს ეხება, რომლითაც დაიფარება საფინანსო ორგანიზაციების წინაშე 600 ათასი მოქალაქის საბანკო დავალიანების დაფარვას. "შავ სიაში" შედიან ადამიანები, რომლებიც დროულად არ ფარავენ საბანკო დავალიანებებს, რა დროსაც გროვდება დიდი ჯარიმები და ვალის მთლიანი მოცულობა იზრდება.
ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლება აქტიურად განიხილავს სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებს, მათ შორის სოციალური დახმარებისა და პენსიების ზრდას. მსგავსი ინიციატივების გახმოვანება განსაკუთრებით ხშირად არჩევნების მეორე ტურის წინ ისმის, რომელიც საქართველოში 28 ნოემბერს გაიმართება.