თბილისში დაბადებული უცნაური არსებები, რომლებიც ბავშვობაში დაგაბრუნებენ

© photo: courtesy of Lana Lobiladzeლანა ლობილაძე
ლანა ლობილაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
არ მეგულება დედამიწის ზურგზე ადამიანი, რომელსაც ბავშვობაში სიზმრებში, ზღაპრულ სამყაროში კეთილ ფერიებთან, გოლიათებთან, ელფებთან ერთად არ უმოგზაურია. ამ სიზმრებს, ოცნებებს ქართველი მეთოჯინე ლანა ლობილაძე აგიხდენთ და ბავშვობაში დაგაბრუნებთ.

ლანა თვითნასწავლი მეთოჯინეა. მისი ინსპირაციის წყარო ერთ-ერთი მეთოჯინის მიერ შექმნილი საოცარი თოჯინა გახდა. ამის შემდეგ იყო უძილო ღამეები, დაუღალავი შრომა და წარმოუდგენელი შედეგი. მის მიერ შექმნილი ელფები, გნომები ერთი ნახვით აყვარებენ და ამახსოვრებენ  მნახველს თავს. 

© photo: courtesy of Lana Lobiladzeლანა ლობილაძე
თბილისში დაბადებული უცნაური არსებები, რომლებიც ბავშვობაში დაგაბრუნებენ - Sputnik საქართველო
ლანა ლობილაძე

- პროფესიით ბიოქიმიკოსი ვარ, თუმცა ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია, უფრო შემოქმედებითი კუთხით განვვითარდი. ხან ვხატავდი, ხან ფოტოგრაფიით ვიყავი გატაცებული. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მქონდა საკუთარი ფოტოსტუდია. ბოლო ორი წელია თოჯინების შექმნით ვარ დაკავებული. მივხვდი, რომ ეს არის ის, რასაც მთელი ცხოვრება უნდა ვაკეთებდე.

თავიდან თექის თოჯინებით დავიწყე. ერთ-ერთი ცნობილი მეთოჯინეს ნამუშევრები ვნახე და ძალიან მოვიხიბლე. მეგონა, რომ მე ვერასოდეს შევძლებდი თოჯინების შექმნას, თუმცა იმდენად დიდი იყო ინტერესი, მაინც ვცადე და გამომივიდა. როცა სასურველი შედეგი მივიღე, გადავწყვიტე უფრო გამერთულებინა საქმე. იმდენად აზარტული საქმეა, რომ ჩამითრია და ვეღარ გავჩერდი. ისეთი რაღაცების გაკეთება მომიხდა, რაც ცხოვრებაში არ მიკეთებია. მაგალითად, ქსოვა, კერვა, ქარგვა და ა.შ. მივხდი, რომ შემიძლია ამ ყველაფერში ჩემი თავი გამოვხატო.

დღეს პოლიმერულ თიხაზე ვმუშაობ. თუმცა ვფიქრობ კიდევ გავართულო საქმე და ფაიფურზე გადავიდე. ამ ეტაპზე შესწავლის პროცესში ვარ. დღემდე ყველაფერი ჩემით ვისწავლე, შეიძლება ითქვას, თვითნასწავლი ვარ. ცოდნას ინტერნეტის საშუალებით დავეუფლე. არის სპეციალური მასტერ-კლასები, სხვადასხვა ოსტატების ვიდეო-გაკვეთილები, რაც ძალიან დამეხმარა. ახლა ფაიფურზე მუშაობას ვსწავლობ და ახლო მომავლში უკვე  ფაიფურის თოჯინის შექმნას ვცდი.

© FB / L.L.Toysლანა ლობილაძის ნამუშევარი
თბილისში დაბადებული უცნაური არსებები, რომლებიც ბავშვობაში დაგაბრუნებენ - Sputnik საქართველო
ლანა ლობილაძის ნამუშევარი

– თქვენი თოჯინები ზღაპრიდან გადმოსული გმირები არიან. რატომ აირჩიეთ მაინც და მაინც ელფები?

– დიახ, ისინი ჩემი მოფიქრებული პერსონაჟები არიან, ელფები, გნომები, გმირები არარეალური სამყაროდან. არ ვიცი საიდან მოვიდნენ ისინი. თავიდანვე მსურდა, რომ არარეალურები ყოფილიყვნენ. არ მინდოდა ჩვეულებრივ ადამიანებს დამსგავსებოდნენ. ზოგს ძალიან ნატურალისტური თოჯინები მოსწონს, რომლებიც ძალიან გვანან ადამიანებს, მე – პირიქით, გავურბივარ ამას. არასოდეს ვიცავ პროპორციებს. სახის გამოძერწვის დროსაც ვარღვევ კანონებს და განსხვავებულ ნაკვთებს ვუკეთებ.

– ალბათ სწორედ ამის გამოა, რომ თქვენი ნიშა ეტყობათ მათ...

– ალბათ სუბიექტური ვიქნები ამ დროს, მაგრამ ვიტყვი, რომ - კი, ვცდილობ ისეთი ნიუანსები გავუკეთო, რომ ჩემი ხელწერა ჩანდეს.

© FB / L.L.Toysლანა ლობილაძის ნამუშევარი
თბილისში დაბადებული უცნაური არსებები, რომლებიც ბავშვობაში დაგაბრუნებენ - Sputnik საქართველო
ლანა ლობილაძის ნამუშევარი

– აქვე უნდა აღვნიშნო, რომ თქვენ მხოლოდ მეთოჯინე არ ხართ. ამავე დროს დიზაინერობაც შეითავსეთ და, როგორც ვიცი, თითოეული თოჯინის სამოსს თავად კერავთ. რთული არ არის მცირე ზომის თოჯინასთვის სამოსის შეკერვა?

– კი, ყველა დეტალს საკუთარი ხელით ვქმნი. სხვათა შორის, ამ საქმით ძალიან დავინტერესდი. მუშაობის პროცესში აღმოვაჩინე, რომ არსებობს ასეთი მიმართულება – Fashion dolls. ლონდონში და მადრიდში ტარდება სპეციალური გამოფენები, ფესტივალები და კონკურსები, სადაც ფასდება არა მარტო თოჯინები, არამედ მათი სამოსიც. ეს ნამდვილად საინტერესო სამუშაოა. შენ შეგიძლია თოჯინას შეუკერო ისეთი სამოსი, რაც მას მეტად განსხვავებულს და საინტერესოს გახდის. ეს კიდევ ახალი გამოწვევა და გამოცდაა ჩემთვის.

რაც შეეხება სირთულეს, ძალიან რთულია მცირე ზომის თოჯინას შეუკერო სასურველი სამოსი, მით უმეტეს ჩემთვის, რადგან არანაირი გამოცდილება არ მაქვს ამ მხრივ. თოჯინას ყველა კანონის დაცვით რომ შეუკერო სამოსი, ამას კიდევ ცალკე განათლება სჭირდება. მე რამდენად სწორად ვკერავ, ვერ გეტყვით, უბრალოდ ვცდილობ კარგი გამოვიდეს, თუმცა, როგორც აღნიშნეთ, თოჯინის მცირე ზომებიდან გამომდინარე მართლა რთულია. ხშირად ვნანობ, მინდა კერვა კარგად ვიცოდე, რომ თავისუფლად შევუკერო ის, რაც მსურს, მაგალითად მინი კორსეტი, შარვალი, კაბა, მაგრამ ჩემი შესაძლებლობები არ მაძლევს ამის საშუალებას.

© FB / L.L.Toysლანა ლობილაძის ნამუშევარი
თბილისში დაბადებული უცნაური არსებები, რომლებიც ბავშვობაში დაგაბრუნებენ - Sputnik საქართველო
ლანა ლობილაძის ნამუშევარი

– უკვე გქონდათ პერსონალური გამოფენა. რამდენად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ხელოვანისთვის პერსონალური გამოფენა?

– არსებობენ ხელოვანები, რომლებიც მხოლოდ თავისთვის ქმნიან ნამუშევრებს და ამით შემოიფარგლებიან. თუმცა ხელოვანების უმრავლესობა აუდიტორიისთვის ქმნის ნამუშევრებს. სურთ ფართო საზოგადოებას გააცნონ თავისი შემოქმედება, მიიღონ შეფასებები. მე ვნახე რამხელა ემოცია, დადებითი აურა მოიტანა გამოფენამ. ვხედავდი, როგორი ბედნიერები იყვნენ ადამიანები, როგორი კმაყოფილები მიდიოდნენ გამოფენიდან. საოცარი ემოცია მაჩუქა ამ გამოფენამ მეც და ჩემ სტუმრებსაც. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია.

ჩემ გამოფენაზე ცოტა უცნაური და სიმბოლური შემთხვევა მოხდა. გამოფენა იყო გაზაფხულზე, „მზიურში“. ზოგადად, ჩემ შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ პეპლებს. ჩემს თოჯინებს ძალიან ხშირად უჭირავთ ხელში პეპლები, ხოჭოები. უეცრად მოფარფატდა ულამაზესი, საკმაოდ დიდი ზომის პეპელა და ერთ-ერთ თოჯინას დაასკუპდა თავზე. საოცარი სანახავი იყო თოჯინა ცოცხალი პეპლით. ეს იყო სიმბოლური და საოცარი მოვლენა, რომელმაც ყველა გაახალისა და საოცარ ხასიათზე დააყენა.

© photo: courtesy of Lana Lobiladzeლანა ლობილაძე
თბილისში დაბადებული უცნაური არსებები, რომლებიც ბავშვობაში დაგაბრუნებენ - Sputnik საქართველო
ლანა ლობილაძე

– თუ გაქვთ თოჯინა, რომელიც განსაკუთრებით ძვირფასია თქვენთვის, რომელსაც არასოდეს გაყიდით და არც გააჩუქებთ?

– კი, ორი თოჯინა მყავს ასეთი. ერთი თოჯინა ჩემი პირველი ნამუშევარია და განსაკუთრებით ძვირფასია ჩემთვის, ვერასოდეს შეველევი. მეორე ნამუშევარი უბრალოდ ძალიან მესაყვარლება და არავისთვის არ მემეტება. მხოლოდ გამოფენებზე გავიტან.

© photo: courtesy of Lana Lobiladzeლანა ლობილაძის ნამუშევრები
თბილისში დაბადებული უცნაური არსებები, რომლებიც ბავშვობაში დაგაბრუნებენ - Sputnik საქართველო
ლანა ლობილაძის ნამუშევრები

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, რა სიახლეებს ჰპირდებით თქვენ გულშემატკივრებს?

– საახალწლოდ დავიწყე მცირე ზომის გნომების და ელფების გაკეთება, უფრო სასაჩუქრედ. ზოგადად, არც ისე იაფი ჯდება ხელნაკეთი თოჯინები, ამიტომ მინდა ყველასთვის ხელმისაწვდომი და ბიუჯეტური იყოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0