ენდრიუ ჯექსონი – ამერიკის შეერთებული შტატების მეშვიდე პრეზიდენტი, რომელსაც სჯეროდა, რომ დედამიწა ბრტყელი იყო... ვუდი ალენი – ცნობილი მსახიობი და ბრწყინვალე კინორეჟისორი... თქვენი აზრით, რა საერთო აქვთ ამ ადამიანებს? - მათ ყველას აუტიზმის ნიშნები ახასიათებდათ... თუმცა იმ დროს, როდესაც სიტყვა აუტიზმი არც არსებობდა ლექსიკაში, გარკვეული უჩვეულო ქცევების გამო ასეთ ადამიანებს შეშლილებადაც კი ნათლავდნენ...
უცნაურია – მართალია, ჩვენ დროში ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა, მაინც არიან ადამიანები, რომლებიც სირაქლემას პოზაში ყოფნას ამჯობინებენ და ამ თემაზე საუბარსაც კი გაურბიან. ზოგს კი, პირიქით, სურვილი უჩნდება, რომ ამ სფეროში საფუძვლიანი განათლება მიიღოს.
კიწი ზამბახიძე – მე ვარ ცხრა წლის ლუკა დევაძის დედა. მისი ცხოვრების ისტორია ასეთია: როდესაც ჩემ შვილს უჩვეულო ქცევა შევატყვე, 2012 წელი იყო და იმ პერიოდში ამ თემაზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა. ამიტომ მეგონა, რომ არაფერი საშიში არ იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სერიოზულ პრობლემასთან მქონდა საქმე. დავიწყე თერაპიით, რაც დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. გარშემო არანაირი ცენტრი არ იყო, და თუ იყო, მათ არანაირი პროგრამა არ ჰქონდათ. მინდოდა დავხმარებოდი ჩემ შვილს და ამ სფეროში შესაბამისი განათლება მიმეღო.
– ქალბატონო კიწი, თქვენ დაიწყეთ მუშაობა სპეციალურ ცენტრში, რომელიც ახლა შენდება...
– მეუღლე არ მყავს, სამუშაო არ მქონდა და ბავშვის დამტოვებელიც არავინ მყავდა, დავიწყე ამ ცენტრთან თანამშრომლობა. ცენტრს, რომლის სახელია „პეგასი“, მთავარანგელოზ გაბრიელის და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდი აშენებს, მას სათავეში უდგას თამარ იარაჯული. ცენტრი აღიჭურვება უახლესი მოწყობილობებით და ინდივიდუალურად მორგებული იქნება თითოეულ ბავშვსა თუ მოზარდზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აქ იქნება ყველა საჭირო პროგრამა აუტიზმის მქონე პირებისთვის, იმუშავებს სპორტული დარბაზი, დღის ცენტრი და ტრენინგ-სკოლა, რომელიც რეგიონებიდან მოწვეულ სპეციალისტებს გადაამზადებს. დღეს სულ სხვა მდგომარეობაა, ვიდრე მაშინ, როდესაც ამ პრობლემის წინაშე უშუალოდ დავდექი. იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ცნობადობა და სამუდამოდ დავამსხვრევთ სტიგმას, რომელიც, სამწუხაროდ, კიდევ არსებობს. ჩვენ ვცდილობთ არა მარტო თბილისში, ასევე რეგიონებშიც მივაწვდინოთ ხმა საზოგადოებას და მაქსიმალურად ავამაღლოთ ცნობადობა.
– თუ გაქვთ ინფორმაცია, სულ რამდენი ცენტრი ან ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც აუტიზმის თემაზე მუშაობს?
– საკმაოდ ბევრი ასეთი ცენტრია, თუმცა ის საათები, რასაც მერია აფინანსებს, ძალიან ცოტაა, დამატებითი თერაპია კი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ მთავარანგელოზ გაბრიელის და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდი რამდენიმე ბავშვს უკვე სთავაზობს უფასო თერაპიას. მართალია, ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ ცენტრის გახსნამდე, სამწუხაროდ, მეტს ვერ ვახერხებთ.
– რა რჩევას მისცემთ მათ, ვინც თქვენ მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა?
– თუ მათ უცნაურად მოეჩვენებათ ბავშვის ქცევა, აუცილებლად მიიყვანონ ის სპეციალისტთან. დაიწყონ შესაბამისი პროგრამით მოქმედება და, რაც მთავარია, ბავშვთან აუცილებლად გამონახონ საერთო ენა.
მოგაწვდით რამდენიმე რჩევას, რაც უკვე სპეციალისტების მიერაა შემუშავებული:
1) არ შეწყვიტოთ მუდმივი თვითგანათლება ამ სფეროში, მიიღეთ რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია;
2) იგნორირებას ნუ გაუწევთ აუტისტი ბავშვის ძლიერ მხარეს და განსაკუთრებულ მიდრეკილებას, რადგან სწორედ მათზე დაყრდნობით არის შესაძლებელი, რომ მან მომავალში ესა თუ ის პროფესია აირჩიოს;
3) არ დააძალოთ მას საზოგადოებაში სოციალიზაცია, ყოველგვარი კომუნიკაცია სიამოვნების მომტანი უნდა იყოს;
4) არ გამოიყენოთ მათ მიმართ რაიმე თიკუნი, მეტსახელი;
5) არ შეიქმნათ ილუზია, რომ აუტიზმი რაიმე სხვა მდგომარეობაში გადაიზრდება;
6) არ გამოიყენოთ მათ მიმართ ძალმომრეობითი რაიმე ჟესტიც კი;
7) რაც მთავარია, არ დამალოთ, რომ თქვენი შვილი აუტისტია...