თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
აღნიშნული მონაკვეთი ზვავსაშიშროების გამო 15 ნოემბრიდან ჩაკეტილი იყო. გზაში ჩარჩენილია მანქანები. მგზავრების უმრავლესობა რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. მათმა ნაწილმა ღამე ახლომდებარე სასტუმროებში გაატარა. მგზავრებს შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
უწყების ინფორმაციით, გზის წმენდა დაწყებულია გუდაურიდან, გუდაური-კობის პირველ მონაკვეთზე (კმ93-კმ99). ზვავსაშიშროების რეჟიმი რჩება გუდაური-კობის მეორე მონაკვეთზე (კმ100-კმ106), სადაც გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. კობის მხრიდან მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე დაიწყება გზის წმენდის სამუშაოები ორივე მხრიდან.
მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე გუდაური-კობის მონაკვეთზე მაქსიმალურად მოკლე ვადებში დაგროვილი ავტოტრანსპორტის გატარება მოხდება, იუწყებიან დეპარტამენტში.