პრემიერი: ევროპარლამენტარები საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიით უკმაყოფილო არიან

© FB / Mamuka Bakhtadzeმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პოლიტიკური ოპონენტები მკაცრად გააკრიტიკა.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ევროპარლამენტის დეპუტატებმა დაგმეს საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც გამოირჩეოდა სიძულვილის ენით, განაცხადა მთავრობის მეთაურმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე.

საქართველოში მალე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რადგან 28 ოქტომბერს 50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.

„საქართველოსადმი მხარდამჭერი პოზიციების გამოხატვის პარალელურად სამარცხვინოდ შეფასდა (ევროპარლამენტარების მხრიდან) პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიმართ წარმოებული ბინძური და შეურაცხმყოფელი კამპანია. ამავდროულად ევროპარლამენტარებმა, საქართველოს გულშემატკივრებმა და ჩვენმა ნამდვილმა მეგობრებმა გაგვაფრთხილეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე საბჭოთა დიპლომატის არჩევა მიუღებელია", – განაცხადა ბახტაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ამჟამად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, 1981-1988 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ვაშაძეს არჩევნების მეორე ტურში უპირისპირდება დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უჭერს მხარს.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
მუქარა და სიძულვილის ენა მიუღებელია - წინასაარჩევნო გარემოს შეფასება

„რევანშისტების გამარჯვება ყველა იმ მიღწევის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას ნიშნავს, რაც ერთობლივად შევძელით და რასაც ევროპარლამენტი ასე პოზიტიურად აფასებს. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გასაკეთებელი გვაქვს პრინციპული არჩევანი ტოტალიტარულ წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის", – აღნიშნა ბახტაძემ.

იმის შესახებ, რომ ზურაბიშვილს დამამცირებლად დაესხნენ თავს, ევროპარლამენტში დებატების დროს დეპუტატმა ანა გომეშმა განაცხადა. მეორე დეპუტატმა ფაბიო კასტალდომ აღნიშნა, რომ არჩევნების დროს მოქალაქეებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე პოლიტიკოსების მხრიდან ზეწოლას ჰქონდა ადგილი.

ამჟამინდელი წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში ყოფილ და ამჟამინდელ მმართველ პარტიებს შორის დიდი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. პოლიტიკოსები ერთმანეთს პროდასავლურობაში ეჯიბრებიან და ბრალს სდებენ რუსული ინტერესების გატარებაში.

ამასთან, ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია", რომელშიც შედის "ნაციონალური მოძრაობა", ხელისუფლებას არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და ოპონენტებზე ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. პირველი ტურის შემდეგ მოხდა რამდენიმე ინციდენტი, რომლის შემდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრეს „ქართული ოცნების" წარმომადგენლების წინააღმდეგ.

 

ყველა ახალი ამბავი
0