თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. ქართულმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „8 წუთი“, რომელიც აპოკალიფსის წინ ადამიანების ქცევაზეა გადაღებული, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ინდოეთის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა, იუწყება პორტალი Cinemania.
„ეს „8 წუთის“ მეშვიდე გამარჯვებაა უცხოურ ფესტივალებზე, რომელთაგან ყველაზე გლობალური – მანჰეტენის კინოფესტივალია. ამჟამად 8 წუთი ბაქოს საერთაშორისო კინოფესტივალზეც იბრძვის გამარჯვებისთვის“, - წერს გამოცემა.
როგორც აღინიშნა, ფესტივალი აზერბაიჯანში 14-17 ნოემბერს ჩატარდება და მასში მთელი მსოფლიოს კინემატოგრაფისტები მიიღებენ მონაწილეობას. ბაქოში თავის ფილმს წარადგენენ „8 წუთის“ ავტორები - რეჟისორი გიორგი გოგიჩაიშვილი და პროდიუსერი გეგა ხმალაძე.
აღსანიშნავია, რომ ბაქოს ფესტივალის შესარჩევ კონკურსში 405 ფილმი მონაწილეობდა, აქედან ჟიურიმ 41 ფილმი შეარჩია და ქართული ფილმი მათ რიცხვშია. საუკეთესო ნამუშევარი 17 ნოემბერს გამოცხადდება.
ბაქოს კინოფესტივალის გარდა, „8 წუთი“ მონაწილეობს ისეთი ფესტივალების შერჩევაში, როგორიცაა Beveren International Film Festival (ბელგია) და The St. Lawrence International Film Festival (აშშ).
ფილმის სიუჟეტის მიხედვით, გმირები შეიტყობენ, რომ მზე რვა წუთში ჩაქრება. აპოკალიფსის მოლოდინში მთელ მსოფლიოს ქაოსი მოიცავს და აბსოლუტურ სიმშვიდეს მხოლოდ 60 წლის გია ინარჩუნებს. მარტოხელა მამაკაცი, რომელიც თბილისში წყნარი და მოკრძალებული ცხოვრებით ცხოვრობს, გადაწყვეტს ვაჟთან დაკავშირებას მათი რთული ურთიერთობების მიუხედავად. სატელეფონო საუბრის დროს გია შეიტყობს, რომ მისი შვილი ჩრდილოეთ პოლუსზე ექსპედიციაში იმყოფება. ახალგაზრდა მამაკაცი ვერც კი ხვდება, რომ რამდენიმე წუთში მსოფლიოს წყვდიადი მოიცავს. მამამისმა ვერ გაბედა ეთქვა მისთვის კატასტროფის მოახლოების შესახებ და ყურმილი დაკიდა. წამის შემდეგ გია ხვდება, რომ გულხელდაკრეფილი ვერ იჯდება ერთ ადგილას, მან რაღაცა უნდა მოიმოქმედოს — ის ხომ ჯადოქარია!
მანამდე ფილმ-აპოკალიფსი „8 წუთი“ მოკლემეტრაჟიანი ფილმების მანჰეტენის XX ფესტივალზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ხოლო სიდნეის საერთაშორისო ინდი-კინოფესტივალზე, რომელიც ავსტრალიაში 2017 წლის 18-28 სექტემბერს ჩატარდა, „8 წუთი“ საუკეთესო სამეცნიერო-ფანტასტიკურ ფილმად დასახელდა.