რუსი ჰაკერი საქართველოში თავშესაფარს ითხოვს

© Pixabay / Pexelsადამიანი კომპიუტერთან
ადამიანი კომპიუტერთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
სუმბაევის ადვოკატის განცხადებით, რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში, მისი დაცვის ქვეშ მყოფს შესაძლოა სიკვდილით დასჯა შეუფარდონ.

თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. ინტერპოლის ხაზით ძებნილი რუსეთის მოქალაქე იაროსლავ სუმბაევი, რომელიც მედიის ინფორმაციით, არის ჰაკერი, საქართველოში თავშესაფარს ითხოვს, იუწყება ტელეკომპანია Imedi ჰაკერის ადვოკატზე, ზურაბ თოდუაზე დაყრდნობით.

სუმბაევის ადვოკატის განცხადებით, რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში, მისი დაცვის ქვეშ მყოფს შესაძლოა სიკვდილით დასჯა შეუფარდონ.

იაროსლავ სუმბაევი თბილისში ამ დღეებში დააკავეს. საქართველოში სუმბაევს ბრალი წარედგინა სსკ-ის ორი მუხლით: 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) და 362-ე (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება). ბრალდებულს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება. კანონით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ საქართველოს მთავარი პროკურატურა მზად არის ის რუსეთს გადასცეს.

საქართველო მზადაა რუსეთს მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჰაკერი გადასცეს >>

ზურაბ თოდუას განმარტებით, ბრალდებული აღიარებს რუსეთში ჩადენილ კიბერდანაშაულს, თუმცა უარყოფს გამომძიებლის ევგენია შიშკინას მკვლელობაში მონაწილეობას.

დაკავება - Sputnik საქართველო
თბილისში რუსი ჰაკერი დააკავეს

რაც შეეხება საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს, თოდუას თქმით, სუმბაევი ყალბი პასპორტის გამოყენებას აღიარებს, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის ფაქტს უარყოფს.

თოდუამ აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქართულ ციხეში წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება. დაცვის მხარემ სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა.

ინტერპოლის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, 28 წლის სუმბაევს ბრალად ედება დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენილი ძარცვა. რუსეთში სუმბაევს და კიდევ 28 პირს ბრალი ედება „რუსეთის რკინიგზის“ და ავიაკომპანია S7-ის ბილეთების ფიქტიურ დაბრუნებაში, რითაც მათ 2013-2014 წლებში 17 მილიონი რუბლი (250 ათას დოლარზე მეტი) გამოიმუშავეს.

მეტიც, ამ თაღლითური სქემის გახსნას უკავშირებენ 10 ოქტომბერს მომხდარ ევგენია შიშკინას მკვლელობას, რომელიც რუსეთის შსს-ს განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოს უფროსი გამომძიებელი იყო. გამომძიებლის ცხედარი მის სახლთან ახლოს იპოვეს.

მანამდე რუსეთის მედია იუწყებოდა, რომ სუმბაევი რუსეთიდან მონტენეგროში გაიქცა.

ყველა ახალი ამბავი
0