თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან 2018-2019 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონზე (ოქტომბრის ბოლო კვირა დღიდან მარტის ბოლო შაბათამდე) კვირაში საშუალოდ 415 რეისი განხორციელდება - 31%-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ზამთრის სანავიგაციო სეზონისთვის ფრენების განრიგი დაამტკიცა, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნულ პერიოდში ავიარეისებს 2 ქართული და 36 უცხოური, მათ შორის სამი სატვირთო ავიაკომპანია განახორციელებს.
საქართველოში სამი საერთაშორისო აეროპორტია, რომელიც 2018 წლის ათ თვეში 4,3 მილიონ ადამიანს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს 23%-ით აღემატება.
შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო ავიარეისები 48 მიმართულებით შესრულდება.
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან აღნიშნულ პერიოდში ფრენები 20 მიმართულებით შესრულდება.
ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის აეროპორტიდან ზამთრის სეზონზე რეისები ხუთი მიმართულებით განხორციელდება.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2018-2019 წლების ზამთრის სეზონზე კომპანიები Silk Way Airlines, Cargolux და Turkish Cargo რეგულარულ სატვირთო რეისებს შემდეგი მიმართულებით შეასრულებენ: ბაქო, ლუქსემბურგი და სტამბული.