თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორი ვლადიმერ კაჭარავა შევიდა აზია–წყნარი ოკეანის კინოპრემიის (Asia Pacific Screen Awards, APSA) საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობაში, რომელსაც კინოს სამყაროში „აზიურ ოსკარს" უწოდებენ, აღნიშნულია პრემიის ვებ-გვერდზე.
აზია–წყნარი ოკეანის კინოპრემია აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების კინოაკადემიის ყოველწლიური პრემიაა, რომელიც ავსტრალიის მთავრობის ინიციატივითა და იუნესკოსა და კინოპროდიუსერების საერთაშორისო ასოციაციის მხარდაჭერით 2007 წელს დაარსდა.
პრემია ხელს უწყობს ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებას და აზია–წყნარი ოკეანის რეგიონისადმი ინტერესების დაცვას, ასევე ის ახორციელებს იუნესკოს მიზნებს კინოს მეშვეობით ეროვნული კულტურების შენარჩუნების კუთხით.
გამარჯვებულს ავლენს საერთაშორისო ჟიური, ხოლო ფილმები ფასდება როგორც კინემატოგრაფიული ოსტატობის, ისე ეროვნული კულტურული ტრადიციების შენარჩუნების კუთხით.
Asia Pacific Screen Awards-ის დაჯილდოების ცერემონია 2018 წლის 29 ნოემბერს ავსტრალიის ქალაქ ბრისბანში გაიმართება.
ვლადიმერ კაჭარავა თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია (2001), ასევე დამთავრებული აქვს ბერლინალეს ფესტივალის „ბერლინის ტალანტების" კამპუსი და ფესტივალ Sundance-სთან არსებული სცენარების ლაბორატორია. ამჟამად სრულ- და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროდიუსერია. კაჭარავამ 2010 წელს დააარსა საკუთარი კინოსტუდია 20 Steps Productions, რომელივ ფოკუსირებულია მხატვრული და ანიმაციური ფილმების წარმოებაზე.
ქართველმა კინემატოგრაფისტებმა 2017 წელს Asia Pacific Screen Awards-ის ოთხი პრემია მიიღეს. ანა ურუშაძის „საშიშმა დედამ" გაიმარჯვა ნომინაციაში „რეჟისორული მიღწევა“, ქალის მთავარი როლისთვის დაჯილდოვდა ნატო მურვანიძე, მარიამ ხაჭვანის „დედემ" მიიღო სპეციალური პრიზი (იუნესკოს პატრონაჟით) ნომინაციაში „კულტურული მრავალფეროვნება"; ხოლო მეოთხე ჯილდო გახდა ფულადი პრემია, რომელიც მარიამ ხაჭვანს შემდეგ კინოსცენარზე მუშაობისთვის გადაეცა.