თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეკარში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
ხანძრის შედეგად ტყეში დამწვარია 10 ჰექტარი ფართობი.
უწყების ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება ამ დროისთვის აღარ არსებობს.
„ზეკარის ხეობაში ჩვენმა მეხანძრე-მაშველებმა ურთულესი რელიეფის მიუხედავად შეძლეს ხანძრის ლოკალიზება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება. ადგილზე კვლავ რჩებიან სახანძრო-სამაშველო ძალები და სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც პირველივე დღიდან მუშაობდნენ ზეკარის ხეობაში“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა, ალექსანდრე ხვადაგიანმა.
ხანძარი ტყეში 10 ნოემბერს გაჩნდა. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო 200 მეხანძრე-მაშველი და ადგილზე შექმნილი იყო საგანგებო შტაბი.