თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მიიღებენ მონაწილეობას საზეიმო ღონისძიებებში პარიზში, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლის იუბილეს მიეძღვნება, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მარგველაშვილი უფლებამოსილების ამოწურვამდე აშშ-ში გამგზავრებას მოასწრებს >>
პირველი მსოფლიო ომის დასრულების ასი წლისთავი კვირას, 11 ნოემბერს აღინიშნება. ამ დღეს 1918 წელს კომპიენის ტყეში ანტანტას ჯარების სარდალმა, ფრანგმა მარშალმა ფერდინანდ ფოშმა და ინგლისელმა ადმირალმა როსლინ უიმისმა გერმანული დელეგაციის მეთაურთან, გენერალ-მაიორ დეტლოფ ფონ ვინტერფელდთან ერთად სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი პარიზში ტრიუმფალურ თაღთან გამართულ ღონისძიებას დაესწრებიან, შემდეგ კი მშვიდობის ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მსოფლიო ლიდერები იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მშვიდობა და უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, განვითარება, ციფრული და ახალი ტექნოლოგიები და ინკლუზიური ეკონომიკა.
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით მშვიდობის ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი და სხვ.
მარგველაშვილი ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალ მაგიდაში, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებს მიეძღვნება.
მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი საფრანგეთის პრეზიდენტის და პირველი ლედის მიერ მოწყობილ საზეიმო ვახშამს დაესწრებიან.
გიორგი მარგველაშვილი: ეს იყო ძალიან კონკურენტული არჩევნები >>
მარგველაშვილის ვიზიტი საფრანგეთში მისი ერთ-ერთი ბოლო უცხოური ვიზიტია პრეზიდენტის რანგში. მარგველაშვილის საპრეზიდენტო უფლებამოსილება სულ მალე იწურება. ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი, აჩვენებს არჩევნების მეორე ტურის შედეგები, რომელიც არაუგვიანეს 2 დეკემბრისა ჩატარდება.