თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა ორი დღის განმავლობაში დღისით პერიოდულად დაიკეტება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კერძოდ, ავტომობილების მოძრაობა 7 და 8 ნოემბერს აიკრძალება აღნიშნული გზის 29-ე კილომეტრზე. დეპარტამენტის ინფორმაციით, საჭიროა ხელით გაიწმინდოს ფერდობზე ცალკეული გადმოკიდებული ქვები, რომლებიც, შესაძლოა, გზაზე ქვათაცვენის მაპროვოცირებელი გახდეს.
„7 და 8 ნოემბერს 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე საჭიროა პერიოდულად, ერთი საათის ინტერვალით გზის ამ მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა ჩაიკეტოს", – აღნიშნულია განცხადებაში.
საავტომობილო მოძრაობას აღნიშნულ რეჟიმში კოორდინირებას საპატრულო პოლიცია გაუწევს.
„საქართველოს სამხედრო გზა" ერთ-ერთი საშიში გზაა საქართველოში. რთული კლიმატური პირობების გამო გზა ზამთარში ხშირად იკეტება, რაც უამრავ პრობლემას ქმნის.