თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. უახლოეს მომავალში მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამას 23 დასახელების წამალი დაემატება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო 2017 წლის 1 ივლისიდან ახორციელებს. პირველ ეტაპზე უფასო წამლებს სოციალურად დაუცველი პირები იღებდნენ. 2018 წელს სამინისტრომ ამ პროგრამის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
„სოციალურად დაუცველების შემდეგ ახლა, სექტემბერში პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის გავაჩინეთ ახალი კომპონენტი. როდესაც სოციალურად დაუცველებს მაქსიმუმ ერთ ლარად აქვთ გარკვეული ჩამონათვალის მედიკამენტებზე წვდომა. პენსიონერებისთვის მაქსიმუმ ნახევარ ფასად, ნაცვლად იმისა, რასაც აქამდე იხდიდნენ და იგივე – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. უახლოესი კვირების განმავლობაში ეს ჩამონათვალი გაიზრდება 23 მედიკამენტით", – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
წლის ბოლოს მოსალოდნელია მედიკამენტების სიის კიდევ ერთხელ გაზრდა, ხოლო მომავალ წელს უწყების ამოცანა იქნება მედიკამენტებზე ხარჯების ფაქტობრივი განულება ამ ჯგუფების წარმომადგენლებისთვის, აღნიშნა მინისტრმა.
სერგეენკო იმედოვნებს, რომ ამ პროექტის მეშვეობით მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ჯანდაცვის ხარჯები შეუმცირდება. მან განმარტა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყებამდე ეს ხარჯები 70%-ს შეადგენდა, ხოლო ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ მაჩვენებელი 56%-მდე შემცირდა.
სერგეენკომ განაცხადა, რომ მოსახლეობამ საკუთარ ჯანდაცვაზე ჯიბიდან შემოსავლების მხოლოდ 25% უნდა გადაიხადოს – ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიზნის მიღწევაზე მუშაობს.