თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე და დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე საქართველოს მოსახლეობას მიმართავს.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, მას ესმის საქართველოს მოქალაქეების, მათი გულისტკივილისა და იმედგაცრუების.
„მესმის, რომ უკმაყოფილო ხართ, რადგან მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდა თქვენი ყოფა, უკმაყოფილო ხართ, რადგან ზოგიერთი მოხელე ხალხზე ზრუნვაზე მეტად პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს. უკმაყოფილო ხართ, რადგან ფიქრობთ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ სამართლიანობის აღდგენა ვერ მოახერხა, ბევრი თქვენგანი გაბრაზებულია, რადგან დასაშვები გავხადეთ მოძალადე რეჟიმის დაბრუნების საფრთხე", – განაცხადა ივანიშვილმა 6-წუთიან ვიდეო-მიმართვაში, რომელიც დღეს გავრცელდა.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, თუ ხელისუფლების რომელიმე შტომ არ ივარგა, ის პირველი წავა მათ წინააღმდეგ.
მმართველი პარტიის დამფუძნებელმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ასე სტაბილურად არასდროს განვითარებულა.
„უამრავი რისკის მიუხედავად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს არასდროს ჰქონია ასეთი სტაბილური განვითარების წლები", — აღნიშნა ივანიშვილმა.
ივანიშვილი, ასევე, აღიარებს მისი პარტიის მიერ დაშვებულ შეცდომებს და დასძენს, რომ, წარმატებების მიუხედავად, ქვეყანაში მთავარ გამოწვევად არსებული სიდუხჭირე რჩება.
„შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება გადამწყვეტი ცვლილებები, პირველ რიგში, სოციალურად ყველაზე მგრნობიარე ჯგუფებისთვის. ბევრი პოპულისტისგან განსხვავებით, ბუნებრივია, არ ვისაუბრებ კონკრეტულ ციფრებზე, მაგრამ აუცილებლად ვიტყვი, რომ პენსიონერებისა და დევნილების შემწეობები და დახმარებები რადიკალურად უნდა გადაიხედოს, მათზე ზრუნვა ჩვენი ღირსების საქმეა და ჩვენ ეს უნდა შევძლოთ", – განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.
ივანიშვილმა „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს მიმართა, კიდევ ერთხელ მოუწოდა გვერდში დგომისკენ და პირობა დადო, რომ ერთ წელიწადში მართვის ყველა ხარვეზს გაასწორებს.
„მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ერთ წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი და მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენო, რომ ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდეს. ახლა მთავარია, ხელისუფლებასა და ცალკეულ ჩინოვნიკებზე გაბრაზებულებმა, ხელისუფლების დასჯის სურვილით, საკუთარი მომავალი და საკუთარი ქვეყანა არ დავსაჯოთ და არ გადავყაროთ წყალში ყველაფერი, რაშიც 2012-ში სიცოცხლე ჩავდეთ", – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, ვერც ერთმა კანდიდატმა 50-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა და გამარჯვებული კანდიდატი ვერ გამოვლინდა. ყველაზე მეტი ხმები მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა (38,64%) და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ (37,73%) მიიღეს. შესაბამისად, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მიხედვით, მეორე ტურში მონაწილეობას სწორედ ეს ორი კანდიდატი მიიღებს.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება. სავარაუდო თარიღად კი 2 დეკემბერია დასახელებული.