თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მგელმა მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯა, იუწყება პირველი არხი.
როგორც საქონლის მეპატრონე ვაჟა გოდერძიშვილი აცხადებს, სოფელთან ახლოს, მინდორში საბალახოდ გაშვებული საქონელი რომ ვერ ნახა, ძებნა დაიწყო და ექვსი სული პირუტყვი მოგვიანებით დახოცილი იპოვა. გოდერძიშვილის განმარტებით, მიყენებული ზარალი 3500 ლარს აჭარბებს.
სოფელ ვარდისუბანში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს შინაურ ცხოველებზე მტაცებლების თავდასხმის ფაქტი გასულ ზამთარსაც დაფიქსირდა.
ადგილობრივები ხელისუფლებისგან მტაცებელზე ნადირობის ნებართვას ითხოვენ.
ამჟამად მგლის მოკვლა საქართველოში აკრძალულია. მტაცებლებზე ნადირობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია დაშვებული – როდესაც ის ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება. „პრობლემურ მგლებზე" სანადიროდ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის ნებართვაა საჭირო. შესაბამისი მიმართვა გამგეობამ უნდა გადააგზავნოს.
2012-2015 წლებში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნებართვით მოკლულია 249 მგელი, 135 ტურა, შვიდი მელია და ოთხი დათვი.