თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხემაღალისა და ბაზალეთის სოფლებში მგლებმა მოსახლეობას მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გაუნადგურა, იტყობინება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ადგილობრივების განცხადებით, მგლები საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიდიან, თუმცა ადგილობრივები შესაბამისი ზომების მიღებას ვერ ახერხებენ, რადგან ცხოველის მოკვლის შემთხვევაში სასჯელის ეშინიათ.
ბაზალეთის თემის მაჟორიტარის ვალერი ჭიპაშვილის თქმით, თუ ასეთი შემთხვევები გაგრძელდა, ხარაგაულის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობას საფრთხე ემუქრება.
„აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ გარემოს დაცვის სამინისტროსგან რეაგირება, რადგან მგლის თავდასხმები უკვე ძალიან გახშირდა. მგელი, ფაქტობრივად, უკვე ეზოებში შევიდა. თუ ასე გაგრძელდა, ისედაც დაცლილ სოფლებში მოსახლეობას ცხოვრება ძალიან გაუჭირდება. კანონი გვაძლევს უფლებას, მგელი თავდასხმის მომენტში გავანადგუროთ. მე შუამდგომლობას დავაყენებ მერიის წინაშე. საბოლოო გადაწყვეტილება გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა მიიღოს და მათ რეაგირებას დაველოდები“, – ამბობს ჭიპაშვილი.
ეს სოფლებზე მგლების თავდახმის პირველი შემთხვევა არ არის. ამ რეგიონში 2017 წელს მტაცებლები ხობის რაიონის სოფელ პატარა ფოთსა და მარტვილის რაიონის სოფელ ვედიდკარში გამოჩნდნენ და ადგილობრივი მოსახლეობის საქონელი დაგლიჯეს.
ამჟამად მგლის მოკვლა საქართველოში აკრძალულია. მტაცებლებზე ნადირობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია დაშვებული – როდესაც ის ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება. „პრობლემურ მგლებზე" სანადიროდ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის ნებართვაა საჭირო. შესაბამისი მიმართვა გამგეობამ უნდა გადააგზავნოს.
2012-2015 წლებში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნებართვით მოკლულია 249 მგელი, 135 ტურა, შვიდი მელია და ოთხი დათვი.