თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 19 წლის მამაკაცი „სტამბოლის ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის გამო დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ცეცხლი ბაზრის იმ ნაწილში გაჩნდა, სადაც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იყიდებოდა.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.მ.-მ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს, ღამის საათებში, ქალაქ რუსთავში მდებარე ე. წ. „სტამბულის ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს „ლურჯ მარკეტს“ ცეცხლი მოუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ხანძრის შედეგად დაიწვა 800 კვ.მ. ფართობზე განლაგებული შენობა-ნაგებობა და ეზოში გაჩერებული მიკროავტობუსი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ხანძრის შედეგად 50-მდე მოვაჭრე დაზარალდა. ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულებს ზარალის ანაზღაურებას ჰპირდება.
გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით („სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება“), რაც სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება.
„სტამბოლის ბაზარი" საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც მიმდინარე წლის 15 იანვარს მისი ერთ-ერთი მფლობელი, გენერალი სამსონ ქუთათელაძე თავისივე კაბინეტში მოკლული იპოვეს. მკვლელობას დიდი რეზონანსი მოჰყვა. პოლიციამ დიდხანს ვერ შეძლო მკვლელობის გახსნა, მაგრამ აგვისტოში სამართალდამცველებმა კახეთის ყოფილი პროკურორის გიორგი ჭანტურიას დაკავების შესახებ განაცხადეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ჭანტურიას ფინანსური უთანხმოება ჰქონდა ქუთათელაძესთან და მან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ქუთათელაძე. სასამართლო გარჩევა ამ საქმეზე გრძელდება.