თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრის დირექტორი გოჩა სირაძე აცხადებს, რომ ხანძარი შემთხვევით გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზართან ხანძარი გაჩნდა>>>
ცეცხლი ბაზრის იმ ნაწილში გაჩნდა, სადაც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იყიდებოდა. ცეცხლს ებრძოდა 18 სახანძრო ბრიგადა. დაიწვა 1 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი.
„ამ ვერსიას გამოვრიცხავ. ვფიქრობ, რომ ცეცხლი შემთხვევით გაჩნდა. ყველა ვიდეოკამერა, რომლებიც შიგნით იყო, განადგურებულია, ხოლო რაც გარეთ დარჩა, სამართალდამცველები სწავლობენ", – განაცხადა გოჩა სირაძემ.
Imedi-ს ინფორმაციით, ბაზრის დაზღვევის ვადა აგვისტოში ამოიწურა. მფლობელები სადაზღვევო კომპანიასთან ვადის გაგრძელების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, მაგრამ შეთანხმება ვერ მოასწრეს.
მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულებს ზარალის ანაზღაურებას ჰპირდება.
ქვემო ქართლის გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ბიუჯეტში არის მუხლები, რომლებიც ეხება სტიქიას, ასევეა სარეზერვო ფონდები. თანამშრომლობა კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს, ამიტომ პირველ რიგში განისაზღვრება ზარალი, რათა დაზარალებულებს დაეხმარონ.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით, რაც სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება.
„სტამბოლის ბაზარი" საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც მიმდინარე წლის 15 იანვარს მისი ერთ-ერთი მფლობელი, გენერალი სამსონ ქუთათელაძე თავისივე კაბინეტში მოკლული იპოვეს. მკვლელობას დიდი რეზონანსი მოჰყვა. პოლიციამ დიდხანს ვერ შეძლო მკვლელობის გახსნა, მაგრამ აგვისტოში სამართალდამცველებმა კახეთის ყოფილი პროკურორის გიორგი ჭანტურიას დაკავების შესახებ განაცხადეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ჭანტურიას ფინანსური უთანხმოება ჰქონდა ქუთათელაძესთან და მან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ქუთათელაძე. სასამართლო გარჩევა ამ საქმეზე გრძელდება.