თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. სამხრეთკორეული 11 ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და ქართულ სამზარეულოს გაეცნენ, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ინფოტურის ფარგლებში უცხოელმა სტუმრებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეები დაათვალიერეს – გაეცნენ კურორტებს და ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს. ისინი განსაკუთრებით დაინტერესდნენ ქართული კულინარიით, სამთო კურორტებითა და გამაჯანსაღებელი ცენტრებით.
სამხრეთ კორეის მოქალაქეებში საქართველოსადმი ინტერესი სულ უფრო იზრდება. 2018 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში 11 ათასი ვიზიტორი იმყოფებოდა. ეს, რა თქმა უნდა, დიდი რიცხვი არაა, მაგრამ საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის ზრდამ 134% შეადგინა, აღნიშნავენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.
მთლიანობაში, საანგარიშო პერიოდში უცხოელებმა საქართველოში დაახლოებით 6,8 მილიონი ვიზიტი განახორციელეს, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით 11,2%-ით მეტია.