ადრე ერთი დარბაისელი თბილისელისგან მსმენია, თუ გინდა გაიგო, კაცი ნაღდი თბილისელია თუ არა, მაჯაზე მოჰკიდე ხელი, თბილისი ახსენე და თუ გული აუჩქარდება, ესე იგი, თბილისელია და ნაღდი ვიცი, თბილისთან ერთი-ერთზეც დალეული ექნებაო.
მაჯაზე ხელის მოკიდებისა რა გითხრათ, მაგრამ ეს კია, თუ კაცს თბილისელობა უნდა დაიკვეხნოს, „მოსანათლად“ ორი საუკუნით უკან უნდა დაბრუნდეს, როცა „თბილისი იყო ურთიერთობა“ და ფეხით შემოიაროს ქალაქის ქუჩაბანდები, მოხრიალე კონკას შეავლოს თვალი, მზეში განაბულ გოლოვინსკზე გაიაროს და... ფეხსამოსი გააპრიალებინოს ტფილისელ „ჩისტილშიკს“...
ჰოდა, წინდაწინ იცის, როგორ გელაპარაკოთ და, მეტიც, რამდენად შეგიფასოთ გაწეული სამსახური.
მზე მთაწმინდიდან ამოვიდა. დაღმართს ჩავყევი. სიგარეტს მოვუკიდე და ქუჩის ბოლოს, ახლანდელ სადგურის მოედანზე ტყავის მაღალ, ცარიელ სავარძელს მივადექი. ანუ სწორად მივედი.
— თბილისელად თავი იმან მოიწონოს, ვისაც ერთხელ მაინც გაუპრიალებია ფეხსაცმელი მოხუც „ჩისტილშიკთან“, — მითხრა მიხეილ აკოფოვმა.
— თავად თუ მისულხართ, მიშა ძია, „ჩისტილშიკთან“?
— ძია გენაცვალოს, ჩემზე უკეთ ვინ გაწმენდდა „ტუფლებს“ კიდევაც რომ მივსულიყავი?
— ეგ როგორ, მიშა ძია?! მაშინ არც თქვენ ყოფილხართ თბილისელი...
მიხეილ აკოფოვი ათობით წელია, ამ საქმიანობით არჩენს ოჯახს. აბა რა გასაკვირია, „მაზის“ მოხარშვის საკუთარი, საიდუმლო რეცეპტიც თუ აქვს? როცა ამ „მაზით“ ფეხსაცმელს აპრიალებს და მერე ფიჭა სანთელს უსვამს მეორე პირად, ფეხსაცმლის ტყავი თვალდათვალ ცოცხლდება.
— მაგრად გაუსვი, მაგრად! — დამძახის ოსტატი.
ფეხები ცხვირწინ დამილაგა და წინდები რომ არ დასვროდა, წესის მიხედვით, მუყაო ჩაილაგა ფეხსაცმელში.
ამბობს, დღემდე ისეთივე გულმოდგინებით ვმუშაობ, როგორც პირველ დღესო და თან „მაზს“ მაწვდის — არ დაგავიწყდესო.
„ტუფლებს“ საბოლოო ბზინვარებას ხავერდი აძლევს, რომელიც დღეს ძნელად იშოვება. შავი „მაზით“ დათხუპნულ ხელებში „ბარხატი“ მიჭირავს და ვფიქრობ, ცოტა ჭუჭყიანი საქმე კია, მაგრამ ძველი თბილისის ისტორიების „გამაზვა“ მაინც არ ღირს, ტო–მეთქი.
„მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას,
ჩემი თბილისი და ფიროსმანი, არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!“
ესეც ასე! პირველ „ნათლულთან“ საქმეს მოვრჩი და კიდევ რამდენიმეს გასტუმრებაც მოვასწარი.
მოვიდოდნენ, მაღალ სავარძელში ჩასხდებოდნენ, მასლაათს გაგვიბამდნენ ან გაზეთს გადაშლიდნენ და იწყებოდა ტფილისელად „განათვლის“ პროცესი. საქმეში 2-3 ლარს ვიღებდი. ძია მიშამ ასე მასწავლა, თუ მუშტარი ფასს არ მკითხავდა და ისე მოკალათდებოდა სავარძელში, მაშინ სამი ლარი უნდა მეთქვა, თუ მკითხავდა, მაშინ 2 ლარი, რომ მუშტარი არ დამეკარგა და „სკამი არ გაციებულიყო“...
მერე მზე თვალს მიეფარა და სამუშაო დღეც დამთავრდა. ბოლო კლიენტი გავუშვი და მიშა ძიამ სინანულით შემომჩივლა, ბოტასების მოდა არ მომწონს, თბილისური ეზოებიდან გამოსული ბოტასიანი ტიპების დანახვაზე ვხვდები, რომ ქალაქში „ჩისტილშიკების“ ბოლო თაობაღა დავრჩითო.
არადა, მართლაც რა „უმოწყალოდ“ აცვიათ ახალგაზრდებს, და არა მარტო ახალგაზრდებს ბოტასები...