თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მამაკაცს, რომელიც თბილისში უფლებადამცველი ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზეა დაკავებული, ბრალი დაუმძიმა – ამჯერად მას ბრალი ედება რასობრივ, რელიგიურ, ნაციონალურ ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე მომხდარ მკვლელობაში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия პროკურატურაზე დაყრდნობით.
საქართველოში დანაშაულის რაოდენობა იზრდება - შსს-ს ბოლო სტატისტიკა>>>
საფაროვი დიუმას ქუჩაზე 30 სექტემბრის დილით მოკლეს. ქართული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ერთ–ერთ ბარში საფაროვს რამდენიმე ადამიანთან კონფლიქტი მოუვიდა, რომლებმაც მას ქუჩაში გასვლა მოსთხოვეს. ჩხუბი ქუჩაში გაგრძელდა, რა დროსაც საფაროვს დანით მუცლის არეში ორი ჭრილობა მიაყენეს. პოლიციამ ბრალდებული იმავე დღეს დააკავა. თავიდან სისხლის სამართლის საქმე „განძრახ მკვლელობის“ მუხლით აღიძრა.
„საქმე რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო განზრახ მკვლელობის ჩადენის მუხლით გადაკვალიფიცირდა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახით 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მონაცემებით, ყველაფერის მას შემდეგ დაიწყო, რაც საფაროვმა ბარში უცხოელი გოგონა გაიცნო და საუბარი გოგონას მშობლიურ ენაზე დაიწყო. ამან უკმაყოფილება გამოიწვია ბარში მყოფ გარკვეულ პირთა შორის, რომლებმაც მოითხოვეს, რომ მას ქართულად ესაუბრა, რადგან ცხოვრობს საქართველოში, რამაც, თავის მხრივ, გააღიზიანა საფაროვი.
საფაროვი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართულობისა და განვითარების“ ცენტრში მუშაობდა.
მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანია დაკავებული, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლი საქმე „დანაშაულის შეუტყობინებლობის“ მუხლით არის აღძრული, რაც ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.