თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი ფოტოგრაფისა და მხატვრის, ზურაბ არაბიძის მულტიმედიური გამოფენა Versus-ი ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება, იუწყებიან ორგანიზატორები.
მაყურებლის მრავალრიცხოვანი თხოვნით: გამოფენა „დიეგო და ფრიდა“ თბილისში გაგრძელდება >>
ზურაბ არაბიძის პროექტი დამთვალიერებელს სთავაზობს ეგზისტენციალური ფილოსოფიის ველს, სადაც ის ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა სამყაროს ინდივიდუალური განცდა, თავისუფლება და არჩევანის შესაძლებლობა.
როგორც მუზეუმში აღნიშნავენ, ფოტოხელოვანის მულტიმედიური ინტერაქტიური ინსტალაცია რთული პირადი და საზოგადოებრივი ურთიერთობების ვიზუალიზაციას წარმოადგენს.
ზურაბ არაბიძე დაიბადა 1980 წელს თბილისში. 2002 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში მაგისტრის ხარისხი მიიღო. 2005 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს მოსკოვში.
ზურაბმა ხატვა პირველად 6 წლის ასაკში დაიწყო, ხოლო ფოტოგადაღებით 21 წლის ასაკში დაინტერესდა. მისი პირველი პერსონალური გამოფენა „პირადი პარადიგმები“ მოსკოვში თანამედროვე ხელოვნების ცენტრ Винзавод-ში 2009 წელს გაიმართა.
ზურაბ არაბიძის მსოფლმხედველობა მინიმალიზმის პრინციპებს ეყრდნობა. ავტორის რჩეული გამოფენებიდან აღსანიშნავია ექსპოზიციები „გარინდული თანამედროვეობის მასობრივი ჰალუცინაცია“, „პერსონალური პარადიგმები“, Silentium-ი, „ფანჯარა ქალაქში“, „პარალელური კავშირები“ და სხვ.
არაბიძის გამოფენები არაერთხელ მოეწყო საქართველოში, აზერბაიჯანში, რუსეთში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, ლიტვაში, თურქეთში და სხვა ქვეყნებში.