თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ცესკო: ზურაბიშვილისა და ვაშაძის ხმები თითქმის თანაბარია, გაიმართება მეორე ტური>>>
საარჩევნო უბნების 99,95%-ის შედეგების დათვლის შედეგად, ცესკოს ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იღებს ხმების 38,63%-ს, ხოლო მისი კონკურენტი გრიგოლ ვაშაძე – 37,73%-ს. ამგვარად, საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საჭირო ხმების რაოდენობას ვერ იღებენ ვერც დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია, სალომე ზურაბიშვილი და ვერც გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.
„წინასწარი შედეგების გათვალისწინებით შესაძლებელია ითქვას, რომ ჩვენ დიდი ალბათობით გვაქვს მეორე ტური. მეორე ტურის გამართვას აქვს თავისი პროცედურები. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო დავების განხილვა მაქსიმალური ვადით გაგრძელდა, ეს არის არჩევნების ჩატარებიდან 20 დღე. შედეგები 20 დღეში უნდა გამოქვეყნდეს. საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან, ანუ 20 დღის შემდგომ 2 კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს არჩევნების მეორე ტური, რაც გახლავთ ამავდროულად კვირა დღე და უკიდურესი ვადა შესაძლებელია იყოს 2 დეკემბერი", – განაცხადა ჟვანიამ.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ისევე, როგორც უცხოეთის 40 ქვეყანაში, საპრეზიდენტო არჩევნები კვირას, 28 ოქტომბერს გაიმართა. ამომრჩევლის აქტივობამ დაახლოებით 47% შეადგინა.
ამ დროისთვის ცესკოს ხმების 99,95% აქვს დათვლილი. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საბოლოო შედეგს გამოაცხადებს არაუგვიანეს 17 ნოემბრისა.