თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, ხელი აიღოს გაყალბებისგან.
ვაშაძის განცხადებით, მათ გამოავლინეს და აღკვეთეს გაყალბების არაერთი მცდელობა.
„მთელი დროის მანძილზე ჩვენ მიერ შექმნილი უნიკალური სისტემის შედეგად დავადგინეთ, აღმოვაჩინეთ და აღკვეთეთ არაერთი გაყალბების მცდელობის ფაქტი, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები, „კარუსელის“ დატრიალების ფაქტები“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, საარჩევნო უბნებთან შეინიშნება „შავი ჯიპების“ მობილიზება.
„ჩვენ ყველამ თითოეული ხმა უნდა დავიცვათ, თითოეული ოქმი უნდა დავიცვათ, თითოეული ბიულეტენი უნდა დავიცვათ და არ უნდა მივცეთ გაყალბების უფლება „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, ყველანაირად მომზადებული არიან, რომ გაყალბების თითოეული ფაქტი დაფიქსირდეს და ხმებით მანიპულირების უფლებას ისინი არავის მისცემენ.
„დააფიქსირეთ ის შედეგი, რაც არის საარჩევნო უბნებში, ნუ შეეცდებით ხმებით მანიპულაციას. ჩვენი ინფორმაციით, ჩვენ ვლიდერობთ ამ არჩევნებში და ჩვენ თითოეულ ხმას დავიცავთ“, – აღნიშნა ვაშაძემ.