თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ამ დროისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მისი განცხადებით, კენჭისყრის დასრულებამდე კიდევ რჩება დრო, მაგრამ პარტიას ამ დროისთვის ამგვარი ინფორმაცია აქვს.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში, 15:00 საათის მონაცემებით, ხმა საერთო ამომრჩეველთა რაოდენობის 30,98%-მა მისცა.
საპრეზიდენტო არჩევნებზე საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.
პრეზიდენტობის კანდიდატმა, არჩევნებში გამარჯვებისთვის უნდა დააგროვოს ამომრჩევლის ხმების 50%–ზე მეტი.
დღეს საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტს ირჩევენ, რომლებმაც არჩევანი 25 კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ. მომავალში პრეზიდენტის არჩევის პრეროგატივა საარჩევნო კოლეგიას ექნება.