თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო – ყველა საარჩევნო უბანი დროულად, 08:00 საათზე გაიხსნა, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს–სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.
საქართველოს ტერიტორიაზე 3 703 საარჩევნო უბანია გახსნილი, აქედან, 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი. ამასთან, საპატიმროებში ათი და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ერთი უბანი.
„დღეს ყველა საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა. კენჭისყრა მშვიდ და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს“, – განაცხადა მიქელაძემ.
ცესკოს საინფორმაციო ცენტრი 24–საათიან რეჟიმში მუშაობს, ნებისმიერ მოქალაქეს არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შეუძლია ტელეფონის ნომერზე – 2 51 00 51, ასევე ონლაინ–ჩატის საშუალებით ვებგვერდზე www.cesko.ge, დასძინა მან.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იქნება პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი წესით არჩევნები, რომლის უფლებამოსილების ვადა ხუთი წლის ნაცვლად, ექვსი წელი იქნება. ამის შემდეგ ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის და პრეზიდენტსაც საარჩევნო კოლეგია იარჩევს.
საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 25 კანდიდატს შორის მოუწევს, რომელთაგან 19 პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი – საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი.