თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. ძმის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს გორის რაიონულმა სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იუწყება მთავარი პროკურატურა.
უწყების ინფორმაციით, 2018 წლის 18 აპრილს, ქალაქ კასპში, ნარკოდანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ 26 წლის ო.მ.-ს შელაპარაკება მოუხდა ძმასთან - გ.მ.-სთან, რა დროსაც შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მას დანით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ო.მ. მომხდარიდან მეორე დღეს, ქალაქ კასპში დააკავეს.
მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-108-ე მუხლით (ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გორის რაიონულმა სასამართლომ ო.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.