თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არ დაუშვებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდეს, განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„მივიდეთ არჩევნებზე" – საქართველოს პრემიერი მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს >>
„ჩვენ არავის და მით უმეტეს „ნაციონალურ მოძრაობას“, არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ თუნდაც მინიმალურ დონეზე შეიტანონ არეულობა და დესტრუქცია პოლიტიკურ პროცესებში. არ დავუშვებთ, რომ ასეთი აზროვნების მქონე ადამიანებმა თუნდაც მცირე დოზით მოახერხონ რეანიმაცია ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში. ამაზე არის პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“ ქართული საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ასევე გააკეთა კომენტარი უკრაინის ვებგვერდზე გავრცელებული აუდიოჩანაწერის შესახებ, სადაც საუბრობენ თითქოსდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია. კალაძემ აღნიშნა, რომ მას ამ ჩანაწერის ნამდვილობაში ეჭვი არ ეპარება, რადგან ამას სააკაშვილის მმართველობის მთელი პერიოდი ადასტურებს. აუდიოჩანაწერში, რომლის ნამდვილობა არ არის დადგენილი, პიროვნება სააკაშვილის ხმით აცხადებს, რომ მას ქართველი ხალხი სძულს.
„ამ ჩანაწერის მოსმენისას, ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ პასუხი კითხვაზე, თუ რა იყო ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების მთავარი მიზეზი: ისე რომ მოექცე საკუთარ ქვეყანას და ხალხს, როგორც სააკაშვილის რეჟიმი ექცეოდა, ეს ქვეყანა და ხალხი აუცილებლად უნდა გძულდეს“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არასდროს დაუშვებს იმ შეცდომებს, რომლებიც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაუშვა.
მანამდე ყოფილი მმართველი პარტია გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობას“ რევოლუციის გზით ძალაუფლების დაბრუნება სურს.
სალომე ზურაბიშვილი:უნდა დასრულდეს ფარული ჩანაწერები, სიძულვილი, დასმენა და შურისძიება >>
ბრალდებებს უკვე ოპოზიციამ უპასუხა.
„მინდა მივმართო „ქართულ ოცნებას“: თქვენ უპირისპირდებით ხალხს და არა ვინმეს სამოქალაქო სექტორიდან, პოლიტიკურ ოპონენტსა თუ მედიის წარმომადგენელს და აქედან გამომდინარე, 28 ოქტომბერს არჩევნებში დამარცხდებით. ნუ ეცდებით არჩევნების გაყალბებას და შეწყვიტეთ ყველას ჭკუის დარიგება, თქვენს თავზე დაფიქრდით“, - განაცხადა გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბის სპიკერმა, ლიდერმა პარტიის „ახალი საქართველო“ გიორგი ვაშაძემ.
ექსპერტების მოსაზრებითა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტის სავარძლისთვის ძირითადი ბრძოლა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ მიერ წარდგენილ კანდიდატ, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრ გრიგოლ ვაშაძესა, და მის ყოფილ ტანაპარტიელს, ამჟამად პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ საპრეზიდენტო კანდიდატ დავით ბაქრაძეს შორის გაიმართება.