თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გორში მოკლული გოგონას ოჯახს მიუსამძიმრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მკვლელობა გორში 25 ოქტომბერს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ნაშუადღევს გაუჩინარდა. ის სახლიდან სკოლაში, ცეკვის წრეზე წავიდა, მაგრამ სკოლაში არ მისულა. მოგვიანებით ბავშვის ცხედარი მის სახლთან ახლოს, მდინარე ლიახვის ნაპირზე იპოვეს.
მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს, რომლებიც საქმის გამოძიების პროცესში იყვნენ ჩართული.
„მადლობა მინდა გადავუხადო პირად შემადგენლობას, რომლებმაც ძალიან აქტიური მუშაობის შედეგად პირველადი შედეგი დადეს. ჩვენ ვიცით, რომ ეს პირველადი შედეგი არის ობიექტური, სამართლიანი. რა თქმა უნდა, გამოძიება გაგრძელდება და ამ შედეგს მივიყვანთ ბოლომდე ადეკვატურად, რათა თითოეულმა მოქალაქემ უფრო უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. გაკეთდება ყველაფერი, რომ შედეგი იყოს უზუსტესად დადასტურებული”, – განაცხადა გახარიამ.
გორში 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც სამართალდამცველებმა პარასკევს, დილით დააკავეს, 34 წლის იაგო ნებიერიძეა, რომელიც მოკლული ბავშვის საცხოვრებელი სახლის პარალელურ ქუჩაზე მდებარე სახლში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულმა გოგონა სახლის სარდაფში მოკლა, შემდეგ კი მისი ხელებშეკრული და თავზე ცელოფანჩამოცმული ცხედარი ურიკით მდინარე ლიახვის ნაპირზე ჩაიტანა და დატოვა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მკვლელობაში ბრალდებულის გვარი ფიგურირებს ასევე გორში 2004 წელს გატაცებული 11 წლის ბიჭის საქმეში.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.