ექსკლუზიური ფეხსაცმელი ბავშვებისთვის, რომელიც შვილის შთაგონებით შეიქმნა

© photo: courtesy of Guko Gasitashviliგუკო გასიტაშვილი
გუკო გასიტაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შვილის შეძენა ახალ საფეხურზე გადასვლის, ახალი ცხოვრების, ახალი საზრუნავის, საინტერესო თავგადასავლების დასაწყისია. სწორედ ასე მოხდა გუკო გასიტაშვილის ცხოვრებაშიც. შვილის დაბადებამ 27 წლის დედას საბავშვო ბრენდის შექმნისკენ უბიძგა.

პირველი ფეხსაცმელი თავის შვილს შეუკერა და იმის მერე აღარც გაჩერებულა. გუკო ახალშობილებისთვის და სამ წლამდე ბავშვებისთვის ფეხსაცმელს ამზადებს ნატურალური მასალით.

– პროფესიით ფსიქოლოგი ვარ. ვმუშაობდი ჩემი პროფესიით. თუმცა ამჟამად მთლიანად ჩემ ახალ საქმეზე, საბავშვო ფეხსაცმლის დამზადებაზე ვარ ორიენტირებული. გარდა იმისა, რომ ახალი მოდელების შექმნით და შეკვეთების დამზადებით ვარ დაკავებული, ვიმაღლებ კვალიფიკაციას.

© photo: courtesy of Guko Gasitashviliქართული საბავშვო ფეხსაცმლის ბრენდი „გაფი“
ექსკლუზიური ფეხსაცმელი ბავშვებისთვის, რომელიც შვილის შთაგონებით შეიქმნა - Sputnik საქართველო
ქართული საბავშვო ფეხსაცმლის ბრენდი „გაფი“

– როგორც ვიცი, ხელსაქმეს ბავშვობაში დაუფლეთ, რა ნივთებს ქმნიდით მაშინ, როცა პატარა იყავით?

– დიახ, ბავშვობიდანვე მიტაცებდა ხელსაქმე და დიზაინი. დედაჩემი პროფესიონალი მკერავია და ალბათ ეს უნარებიც მისგან გადმომეცა მემკვიდრეობით. ბავშვობაში თავისუფალ დროს თოჯინებისთვის ტანსაცმლის შეკერვას, ან საკუთარის გადაკეთებას ვუთმობდი. შემდეგ დავიწყე ჩანთების შეკერვა, გაფორმება და ქსოვა. როცა დედა გავხდი, გავერკვიე პატარების ძირითად საჭიროებებსა და მშობლების მოთხოვნილებებში, შესაბამისად, დავიწყე ბავშვის წინსაფრების შეკერვა, ასევე ჩვილი გოგონების მზა ფეხსაცმლის გაფორმება, რომელთაც რეალიზაციასაც ვუწევდი.

– როგორ გაჩნდა „გაფის“ შექმნის იდეა?

– რაც შეეხება „გაფის“ დაარსებას, იდეა ჩემმა შვილმა შთამაგონა. მისთვის ვეძებდი ნატურალური ტყავის ფეხსაცმელს, რომელსაც ხელმისაწვდომი ფასი და მოდური დიზაინი ექნებოდა, თან მისი სახელის გამოკვეთასაც შევძლებდი. თუმცა, ზუსტად ასეთი ვერსად ვნახე. შემდეგ დავიწყე დაკვირვება ქართველ დედებზე და აღმოვაჩინე, რომ ისინი განსაკუთრებით ზრუნავენ იმაზე, რომ შვილები დახვეწილად და განსხვავებულად შემოსონ. აქედან დაიბადა იდეა, რომ შემექმნა ნატურალური ტყავისგან ფეხსაცმელი, რომლის დიზაინის შექმნაში თავად დედიკოებიც მიიღებდნენ მონაწილეობას და ფეხსაცმლის ძირზე ბავშვის სახელის გრავირებასაც შეძლებდნენ. ბედნიერებაა, როცა ამდენ დედას და პაწაწუნას ახარებ.

– რა ასაკის ბავშვებისთვის კერავთ ფეხსაცმელს?

– ამჟამად ფეხსაცმელს ვქმნი ახალშობილებისთვის და სამ წლამდე ბავშვებისთვის, 25 ზომის ჩათვლით. ჩვილი ბავშვებისთვის რბილი, ტყავის ძირით ანუ ე.წ. უძირო ფეხსაცმელს ვამზადებ, ხოლო ფეხის ადგმის შემდეგ მყარძირიან ფეხსაცმელს ვუკერავ.

– მოზარდების ფეხსაცმელის შეკერვაზე არ გიფიქრიათ?

– ჩემი სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა, მოიცავს მოზარდების, თინეიჯერების ხაზის შექმნასაც, თუმცა ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა და ამჟამად ჩემი ნიშა ჩვილებისა და სამ წლამდე ბავშვების ფეხსაცმლის დამზადებაა.

– რით არის თქვენი ფეხსაცმელი გამორჩეული?

– ჩემი ფეხსაცმელი გამოირჩევა იმით, რომ მთლიანად ნატურალური, ქართული და იტალიური ტყავისგანაა დამზადებული და ბავშვის კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს, ამიტომაც ფეხი არ უხურდებათ. მომხმარებელი „გაფთან“ ერთად ხდება დიზაინერი, რადგან ვაძლევ საშუალებას, რომ საკუთარი სურვილით შეცვალოს დიზაინის დეტალები, ფერები ან მთლიანად ახალი მოდელი შემიკვეთოს. გარდა ამისა, ბავშვის სახელის, ან ინიციალების გრავირებაც შეუძლიათ ფეხსაცმლის ძირზე. „გაფს“ ადგილზე მიტანის სერვისიც აქვს მთელი საქართველოს მასშტაბით. ფეხსაცმელი იქმნება და მუშავდება ხელით, ხოლო შემდეგ საკერავი მანქანით შემოიკერება. ეს დიდ დროს, ძალისხმევას და ხელის სიზუსტეს მოითხოვს. თუმცა შედეგი ამად ღირს. როგორც მომხმარებლები აღნიშნავენ, ვერავინ იფიქრებს, რომ ხელნაკეთია, იმდენად ნატიფი ნამუშევრებია.

– თქვენც პატარა გყავთ, როგორ ართმევთ ერთდროულად თავს ბიზნესს და ბავშვის მოვლას, რთული არ არის?

– ბავშვის მოვლის პარალელურად მეწარმეობა, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია და თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს, თანაც ტყავზე მუშაობას სწავლასაც ვუთავსებ. შეკვეთების დროულად დასამთავრებლად ღამეების თენებაც მიწევს. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც სიამოვნებასა და ბედნიერებასთან ასოცირდება ჩემთვის ეს საქმიანობა, რადგან უდიდეს პოზიტიურ მუხტს ვიღებ მომხმარებლისგან და შრომა მიფასდება ამით. ყველაზე მეტად რაც სტიმულს მაძლევს, არის მომხმარებლისგან მიღებული მადლობის წერილები და დადებითი შეფასებები.

© photo: courtesy of Guko Gasitashviliქართული საბავშვო ფეხსაცმლის ბრენდი „გაფი“
ექსკლუზიური ფეხსაცმელი ბავშვებისთვის, რომელიც შვილის შთაგონებით შეიქმნა - Sputnik საქართველო
ქართული საბავშვო ფეხსაცმლის ბრენდი „გაფი“

– როგორ მიიღო ქართველმა მომხმარებელმა თქვენი ფეხსაცმელი?

– ზოგადად თუ დავაკვირდებით, ქართველი მომხმარებელი ძირითადად ირჩევს სადა, დახვეწილ მოდელებს, ნაზი ფერებით. ჩემი მოდელებიც სწორედ ამ ტენდენციას მიჰყვება და მაქსიმალურად აკმაყოფილებს გემოვნებიანი, ორიგინალური მშობლების სურვილებს. საბედნიეროდ, ქართველმა მომხმარებელმა დადებითად მიიღო „გაფი“ და ბევრმა მათგანმა „აღმოჩენაც“ კი უწოდა მას. მოთხოვნაც დღითიდღე იზრდება.

– საქმიანობაში ვინმე გეხმარებათ თუ ყველაფერს თავად ართმევთ თავს?

– ამჟამად მხოლოდ მე ვმუშაობ დიზაინზეც და ხელით დამზადებაზეც. საკუთარ სახლში მოვაწყვე საწარმო, სადაც ვმუშაობ.

© photo: courtesy of Guko Gasitashviliქართული საბავშვო ფეხსაცმლის ბრენდი „გაფი“
ექსკლუზიური ფეხსაცმელი ბავშვებისთვის, რომელიც შვილის შთაგონებით შეიქმნა - Sputnik საქართველო
ქართული საბავშვო ფეხსაცმლის ბრენდი „გაფი“

– სად იყიდება „გაფის“ ფეხსაცმელი?

– „გაფის“ ნამუშევრების შეძენა და შეკვეთის მიცემა შესაძლებელია Facebook-გვერდის საშუალებით. მომავალში კი სავაჭრო ცენტრებშიც შეხვდებით ჩვენ სტენდებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0