„მივიდეთ არჩევნებზე" – საქართველოს პრემიერი მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს

© FB / Mamuka Bakhtadzeმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესში დისონანსის შეტანას ვერავინ შეძლებს.

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია შეაფასა და მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, 28 ოქტომბერს აქტიურობისკენ მოუწოდა.

ხალხის მიერ არჩეული უკანასკნელი პრეზიდენტი - უფლებები და უფლებამოსილებები>>>

მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში 25 კანდიდატი მონაწილეობს, პრეზიდენტის სავარძლისთვის ძირითად ბრძოლაში მონაწილეობენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც მხარს უჭერს 10 ოპოზიციური პარტია, და მისი ყოფილი თანაპარტიელი, ახლა კი კანდიდატი პარტიიდან „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" დავით ბაქრაძე.

 „რამდენიმე დღეში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღე გვაქვს. ქვეყანაში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები. მინდა, მოვუწოდო ჩვენ მოქალაქეებს, მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სასურველი არჩევანი. საქართველო ამ არჩევნებით კიდევ ერთ, ძალიან მნიშვნელოვან დემოკრატიის ტესტს ჩაატარებს და მჯერა, რომ ყველა ერთად, თითოეული მოქალაქე ამ ტესტს ჩავაბარებთ ისე, როგორც ჩვენ ქვეყანას ეკადრება", – თქვა მამუკა ბახტაძემ.

მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია ყოფილი და მოქმედი მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შორის განსაკუთრებული დაძაბულობით გამოირჩევა. ოპოზიციური ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში პერიოდულად ვრცელდებოდა აუდიოჩანაწერები, რომლებიც ხელისუფლების დისკრედიტაციას ემსახურებოდა. მათი ნაწილის შესწავლის შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ ისინი დამონტაჟებულია. მმართველმა პარტიამ ოპოზიცია პროვოკაციებსა და „ბინძური საარჩევნო კამპანიის" ჩატარებაში დაადანაშაულა.

საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური - Sputnik საქართველო
ცესკო მზადაა - საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხუთი დღე დარჩა

„მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს არჩევნები თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ საზოგადოების მოთხოვნა და სურვილი, რომ გვქონოდა ნამდვილად ევროპული ტიპის წინასაარჩევნო კამპანია, ვერ მოხერხდა გარკვეული პოლიტიკური ძალების დესტრუქციული რიტორიკის გამო და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საარჩევნო პროცესში დისონანსი შეიტანოს რომელიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ძალამ", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას პირობა მისცა, რომ მათი ხმის უფლება გარანტირებული იქნება.

„მთელ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის უზრუნველყოფილი იყო თანაბარი და კონკურენტული გარემო. შესაბამისად, გპირდებით, რომ თითოეულ ამომრჩეველს ექნება საშუალება გააკეთოს თავისუფალი არჩევანი და თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული. შსს-ს დავალებაა მთელი ქვეყნის მასშტაბით წერიგის უზრუნველყოფა, რათა ამომრჩევლებს მიეცეთ თავისუფალი არჩევანის საშუალება", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ სექტემბრის შუა რიცხვებში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.

ელოდება თუ არა ქვეყანას არჩევნების შემდგომ „პოლიტიკური დეჟავიუ">>>

„მინდა ასევე მივმართო ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და საინფორმაციო საშუალებებს, რომ იყვნენ მაქსიმალურად აქტიურები. პირადად მე ვთხოვე რამდენიმე წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ მათ გაეზარდათ დამკვირვებლების რაოდენობა და მინდა მადლობა გადავუხადო მათ გაწეული დახმარებისთვის. იცით, რომ ძალიან ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოდის საპრეზიდენტო არჩევნებზე", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბოლო მონაცემებით, არჩევნებს 62 ადგილობრივი და 58 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია დააკვირდება. გარდა ამისა, ცესკოში რეგისტრაცია 94-მა ადგილობრივმა და უცხოურმა საინფორმაციო საშუალებამ გაიარა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი: ზურაბიშვილი - პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატია

„მიუხედავად იმისა, რომ კანონით მკაფიოდ არის განსაზღვრული ადმინისტრაციული რესურსის ამკრძალავი რეგულაციები, ჩემი ინიციატივით მთავრობამ მიიღო დადგენილება, რათა კიდევ ერთხელ გამოირიცხოს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროში მუშაობს უწყებათაშორისი კომისია, რომელიც განიხილავს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს", – აღნიშნა ბახტაძემ.

პრემიერმა მოქალაქეებს მოუწოდა კენჭისყრის დღეს დარღვევების შემთხვევაში არ შემოიფარგლონ ზეპირი განცხადებებით და საჩივრით მიმართონ ცესკოს.

„ამავე დროს მოვუწოდებ ყველას, თითოეულ დარღვევასთან დაკავშირებით, ზეპირ განცხადებებთან ერთად, გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები და კონკრეტული დარღვევების არსებობის შემთხვევაში შეიტანონ საჩივრები, რათა საარჩევნო ადმინისტრაციას ჰქონდეს უფლება და საშუალება განიხილოს და გამოავლინოს დამრღვევი პირები", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ 28 ოქტომბერი საქართველოში „დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება" იქნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0